ᲐᲚᲘᲡᲢᲔᲠ ᲥᲠᲝᲣᲚᲘ
Share
ბრიტანელი მწერალი, ოკულტისტი და მთამსვლელი ედუარდ ალექსანდრ ქროული დაიბადა ინგლისში, ლემინგტონ სპაში 1875 წლის 12 ოქტომბერს. ქროული იყო მაგიის პრაქტიკოსი და საკუთარ თავს უწოდებდა „მხეცი 666“, ამბობენ, რომ ეს სახელი ბავშვობაში შეარქვა დედამ მისი მოუსვენარი ხასიათის გამო. მშობლები ეკუთვნოდნენ ნონკომფორმისტულ, მისტიურ რელიგიურ ორდენს „პლიმუტის ძმები“. შესაბამისად, ის ფანატიკურად მორწმუნე ოჯახში გაიზარდა და ზეპირად იცოდა ბიბლია და სხვა წმინდა წიგნები. თუმცა, კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული ტრინიტი კოლეჯში სწავლის დროს ის განუდგა რელიგიას და სახელი ალისტერი (ალექსანდრის შოტლანდიური ვარიანტი) მიიღო. კოლეჯში მან სახელი გაითქვა როგორც ჭადრაკის უბადლო მოთამაშემ. მაგრამ 1868 წელს, პირველი კურსის დასრულებისთანავე, მან კოლეჯი მიატოვა. ქროულის საკმაოდ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა ერგო მშობლებისგან, რამაც მოგზაურობისა და ხელგაშლილი ცხოვრების საშუალება მისცა. ასევე დაიწყო საკუთარი ნაწარმოებების პუბლიკაცია, მისი ლექსების პირველი კრებული „აკელდამა“ 1898 წელს გამოვიდა.
ისევე როგორც მისი თანამედროვე ბევრი რელიგიური სკეპტიკოსი, ქროულიც ოკულტიზმით დაინტერესდა. 1897 წელს მან დატოვა კოლეჯი და შვეიცარიაში მოგზაურობის დროს ქიმიკოს ჯულიან ბეიკერს შეხვდა, ამ უკანასკნელმა ალისტერი „ოქროს განთიადის“ წევრებს წარუდგინა. 1898 წელს ის როზენკროიცერთა საფუძველზე გაჩენილი ჰერმეტული ორდენის - „ოქროს განთიადის“ წევრი ხდება. აქ ქროული თითქმის 10 წელი დარჩა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ორდენის საქმეებში, სადაც ძმა პერდურაბოს Frater Perdurabo – „მე ფეხს არ მოვიცვლი“ ლათ. სახელით იცნობდნენ. ამ ორდენის ლონდონის ჯგუფში მისი ერთ-ერთი მეტოქე იყო ცნობილი ბრიტანელი პოეტი უილიამ ბატლერ იეიტსი.
1900 წელს ალპინიზმით დაინტერესდა; დალაშქრა იპტაკჩუხუატლი და პოპოკატეპეტლი მექსიკაში. პარალელურად შეისწავლიდა იოგას და ინდუიზმს, რამაც ინდოეთში ჩაიყვანა. აქ მან დალაშქრა რამდენიმე მთა: ევერესტის შემდეგ მეორე მთა K2 (1902) და პირველი ევროპელი გახდა ვინც იმ დროისთვის ყველაზე დიდ სიმაღლეს 6700 მეტრს მიაღწია, ამინდის გაუარესების გამო ექსპედიცია იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
1903 წელს ინგლისში დაბრუნდა და დაქორწინდა როუზ ედიტ კელიზე. სწორედ როუზმა წაიყვანა ეგვიპტეში სადაც ქრისტეშობამდელი ქვის სტელა ნახა, წარწერით 666. ამან ქროულიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმდენად რომ უკან დაბრუნებულმა, 1904 წელს, დაწერა თავისი მთავარი წიგნი - „კანონთა წიგნი“ - პროზაული პოემა, რომელიც, მისი სიტყვებით დიდებულმა სულმა ეივასმა უკარნახა - 8, 9 და 10 აპრილს. სწორედ ამ წიგნში გამოჩნდა მისი მთავარი თეზისი - „აკეთე ის რაც გსურს, ესაა მთელი კანონი“. თუმცა ეს აზრი ახალი არ იყო, ქროულიმდე 300-ზე მეტი წლით ადრე ამავეს ამბობდა ფრანგი მწერალი ფრანსუა რაბლე თავის რომანში „გარგანტუა და პანტაგრუელი“. თელემა სააბატოს შექმნის იდეასაც პირველად სწორედ რაბლესთან ვხვდებით. „თელემა“ (ბერძნულად - ნება) ქროულის შექმნილი ახალი მიმდინარეობა გახდა. ხოლო გერმანულმა მისტიკურმა ჯგუფმა „აღმოსავლეთ ტამპლიერების ორდენმა“ მისი „კანონთა წიგნი“ წმინდა წერილად ცნო.
1907 წელს ქროულიმ საკუთარი ორდენი ASTRUM ARGENTUM („ვერცხლის ვარსკვლავი“) დააარსა. 1909 წლიდან ის თავის სწავლებას ავრცელებდა პერიოდულად გამოცემული წიგნით THE EQIUNOX, პირველ წლებში მისი დამხმარე იყო J.E.C Fuller მოგვიანებით ცნობილი სამხედრო სტრატეგი და ისტორიკოსი.
პირველი მსოფლიო ომის დროს ქროული აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც პრო-გერმანულ გამოცემაში The Fatherland თანამშრომლობდა. ომის მერე სიცილიაში გადავიდა და საკუთარ სახლში თელემას სააბატო დააარსა. ამავე პერიოდში, 1922 წელს, გამოდის მისი ავტობიოგრაფიული რომანი „ნარკომანის დღიურები“. სიცილიურ ჯგუფში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რიტუალის დროს, მისი ახალგაზრდა მიმდევარი გარდაიცვალა, რაც ქროულის იტალიიდან გამოშვების მიზეზი გახდა.
1930-იან წლებში ქროული სამშობლოში, ინგლისში ბრუნდება, მისი ქონება საგრძნობლად შეთხელებულია მისივე ფუფუნების სიყვარულის გამო. 1944 წელს ქროული აქვეყნებს „თოტის წიგნს“ - მისივე შექმნილი ტაროს დასტის სახელმძღვანელოს, რომელზეც მხატვარ ფრიდა ჰარისთან ერთად იმუშავა.
ქროული 1947 წლის პირველ დეკემბერს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით რესპირატორული ინფექციით, თუმცა, მის სიკვდილზე უამრავი ვერსია არსებობს.
ძმა პერდურაბომ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და აქტუალობა არც სიკვდილის შემდეგ დაუკარგავს. Beatles-მა მისი სურათი თავისი ალბომის - Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band - ყდაზე მოათავსა. ხოლო Led Zepelin-ის გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა შეიძინა მისი სახლი ლოხ-ნესის ტბაზე შოტლანდიაში. მისი ფიგურა გახდა ბევრი ლიტერატურული და კინოგმირის პროტოტიპი, მათ შორის სომერსეტ მოემის - „ჯადოქრის”.
2002 წელს კი BBC გამოკითხვაში უდიდეს ბრიტანელებს შორის ის 73 ადგილზე დასახელდა.