ᲑᲐᲡᲘᲚ ᲕᲐᲚᲔᲜᲢᲘᲜᲘ
Share
გადმოცემის მიხედვით, ბასილ ვალენტინი გახლდათ მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწე ბენედიქტელი ბერი, რომელიც, დიდი ალბათობით, ქალაქ ერფურტის მამათა მონასტერში მოღვაწეობდა. თანამედროვე დროში, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ასეთი პიროვნება არ არსებობდა და იგი ფსევდონიმს წარმოადგენს, რომელსაც ერთი ან რამდენიმე გერმანელი ავტორი ანონიმურად იყენებდა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების შუალედში. საგულისხმოა, რომ 1600 წლამდე სახელი არსად არის მოხსენიებული გერმანულენოვან ალქიმიურ ტექსტებში.
მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა მოსაზრება, რომ ბასილ ვალენტინის სახელით გამოცემული ნაშრომების ავტორი იყო იოჰან თიოლდე, გერმანელი მარილის მწარმოებელი, რომელიც 1565-1624 წლებში ცხოვრობდა და რომლის სახელსაც უკავშირდება ვალენტინის ალქიმიური ნაშრომების თავდაპირველი გამოცემა. თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ვალენტინის ფსევდონიმით გამოცემული ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი უეჭველად იოჰან თიოლდეა, რომლის შექმნაშიც სხვა ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას. უშუალოდ თოლდეს მეთვალყურეობით, ბასილ ვალენტინის ფსევდონიმით, ჯამში სულ ხუთი ნაშრომი გამოიცა.
ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ეს ადამიანი აშკარად ღრმა ცოდნას ფლობდა ქიმიაში. თავის ნაშრომებში ვალენტინი სხვა მრავალ პრაქტიკულ ელემენტთან ერთად დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეიძლება სალ-ამონიაკის (ამონიუმის ქლორიდის) ტუტეს მოქმედებით ამიაკის მიღება, ასევე განმარტავს ნატრიუმის ქლორიდით ქლორწყალბადმჟავის წარმოქმნის მეთოდს, ქლორეთანისა და გოგირდმჟავის მიღების გზას და ასე შემდეგ.
ბასილ ვალენტინი უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება ქიმიისა და ალქიმიის სფეროში.