ᲓᲘᲝᲜ ᲤᲝᲠᲩᲣᲜᲘ

ᲓᲘᲝᲜ ᲤᲝᲠᲩᲣᲜᲘ

დიონ ფორჩუნი (ვიოლეტ მერი ფერთი, 1890, 6 დეკემბერი - 1946, 6 ან 8 იანვარი) იყო ბრიტანელი ოკულტისტი, ცერემონიული მაგი და მწერალი, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ეზოთერიკოსად მიიჩნევა. იგი ჩრდილოეთ უელსში, ქალაქ ანდიდნოში დაიბადა. მისმა მშობლებმა იორკშირში იარაღების წარმოებით დიდძალი ქონების დაგროვება შეძლეს. ფორჩუნის ბაბუამ, ჯონ ფერთმა შექმნა საგვარეულო დევიზი - “Deo, non fortuna”, რაც თარგმანში ნიშნავს - “ღმერთი, და არა იღბალი”. ეს დევიზი შემდგომში ახალგაზრდა ვიოლეტს ფსევდონიმის შექმნაში დაეხმარა, რომლის მოდიფიკაციაც სტუდენტობის წლებში მოახდინა და ოფიციალურად Dion fortune (დიონ ფორჩუნი) დაირქვა.

უელსში ფორჩუნის ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაციაა ცნობილი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იგი მიზანმიმართულად ცვლიდა საკუთარი თავის შესახებ ბიოგრაფიულ დეტალებს. მოგვიანებით განაცხადა, რომ ოთხი წლის ასაკიდან დაეწყო ხილვები ატლანტიდის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მკაფიოდ გრძნობდა, რომ იგი მის წარსულ ცხოვრებებთან იყო დაკავშირებული. 1904 წელს ფორჩუნი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ქალაქ სამერსეტში გადასახლდა. იმავე წელს მან შექმნა პოეტური კრებული, წიგნი, სახელწოდებით “Viloets”, რომელიც მისმა ოჯახმა გამოსცა. 1905 წელს, ჟურნალ girl’s room-ის მაისის ნომერში დაიბეჭდა კოლეჯის ჯგუფის ფოტოსურათი, რომელიც ფორჩუნის ახალგაზრდული წლების ამსახველი ერთადერთი ფოტოა, რაც კი არსებობს. 1906 წელს კი მისი პოეზიის მეორე კრებული “More voilets” გამოვიდა.

ერთ-ერთ სტუდენტურ სამსახურში მუშაობისას, ფორჩუნი უძლიერესი ფსიქიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელზეც დაწვრილებით საუბრობს თავის ნახევრად ავტობიოგრაფიულ წიგნში, სახელად “ფსიქიკური თავდაცვა” (1930). ამ ტრავმიდან განკურნება მას დაახლოებით ათ წლიან შრომად დაუჯდა, რა დროსაც ფსიქოთერაპიის შესწავლა დაიწყო. თავდაპირველად ფროიდის და ადლერის შრომებს სწავლობდა, შემდეგ კი კარლ იუნგის ნაწარმოებებით დაინტერესდა და ანალიტიკური ფსიქოლოგიის განხრით ლონდონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.

1914-1916 წლებში კონსულტანტად მუშაობის დროს მან აღმოაჩინა, რომ სამკურნალოდ მოსულებს სექსუალური პრობლემები აწუხებდათ, რაც იმდროინდელ ინგლისში ტაბუდადებულ თემად ითვლებოდა. “ორთოფსიქიკის” საზოგადოებაში მონაწილეობისას, მან მოცემული საკითხის შესახებ არაერთი ლექცია გამართა, რომელიც მოგვიანებით, 1922 წელს წიგნად გამოსცა (გონების მექანიზმი). კლინიკაში მუშაობისას მისი ინტერესები ოკულტიზმისკენ გადაიხარა, რა დროსაც აქტიურად ესწრებოდა თეოსოფიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სალონური ლექციებს და მის ხელთ არსებულ ლიტერატურას დიდი აქტივობით კითხულობდა. ფორჩუნს ოკულტიზმის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაუღვივდა, რადგან დროის მსვლელობასთან ერთად ნაკლებად აკმაყოფილებდა ფსიქოთერაპიის ეფექტურობა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ფორჩუნი ბრიტანეთის ქალთა „მიწათმოქმედების არმიაში“ გაწევრიანდა. თავდაპირველად ის სტორფორდის მახლობლად, ესექსისა და ჰერტფორდშირის საზღვარზე იყო დაბანაკებული, შემდეგ კი გადაიყვანეს ექსპერიმენტულ ბაზაზე, საკვების წარმოების დეპარტამენტში. სწორედ ამ ბაზაზე ყოფნისას დაეწყო სულიერი გამოცხადებების სერიები, რის შემდეგაც მეტი ინტენსივობით შეუდგა ოკულტური ლიტერატურის შესწავლა. ფორჩუნის დღიურების მიხედვით, მას გამუდმებით ეცხადებოდნენ “უზენაესი ოსტატები”, მათ შორის კი, ყველაზე ხშირად, იესო ქრისტე ესაუბრებოდა.

ეზოთერულ დარგში მისი პირველი მასწავლებელი გახდა ირლანდიელი ოკულტისტი, თეოდორ მორიარტი.  ფორჩუნი თეოდორთან ჯერ კიდევ ფსიქოთერაპიული განხრით მუშაობისას მეგობრობდა, რა დროსაც მორიარტის პაციენტთან ჰქონდა შეხება, რომელიც ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ფრონტზე ბრძოლიდან მოყოლებული, აუხსნელი მოვლენები აწუხებდა. მორიარტმა პაციენტს ეგზორციზმი ჩაუტარა და განაცხადა, რომ მას პარაზიტის სახით დაჰყვებოდა ომში გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცის „სხეული’’ და ისინი ხშირად საუბრობდნენ ატლანტიდის შესახებ, რაც ფორჩუნს ასე ძალიან აინტერესებდა. მოგვიანებით ფორჩუნმა მორიარტი პერსონაჟის სახით შექმნა, როგორც დოქტორ ტავერნერი, რომელსაც რამდენიმე მოთხრობა მიუძღვნა და 1922 წლიდან, მოთხრობების სახით, ეტაპობრივრად გამოსცემდა, ხოლო 1926 წელს სრული სახით, სახელწოდებით - “დოქტორი ტავერნერის საიდუმლოებები”, წიგნადაც გამოსცა. ამ წიგნში მან აღწერა პარანორმალური მოვლენების სხვადასხვა გამოვლინებები, რომელთაც, მორიარტთან ურთიერთობისას, თავად შეესწრო.

სწავლის პარალელურად, 1919 წელს ფორჩუნი Alpha et Omega-ში, ლონდონის ოკულტური ტაძრის წევრი გახდა, რომელიც “ოქროს განთიადის” ორდენის მიერ იყო შექმნილი. მოგვიანებით, ფორჩუნმა  განაცხადა ორდენზე, რომ ის  “ძირითადად ქვრივებითა და ჭაღარათმიანი მოხუცებით იყო დაკომპლექტებული”. მას არ მოსწონდა ცერემონიული მაგიის სისტემა, რომელსაც “ოქროს განთიადი” იყენებდა, თუმცა დიდ ინტერესს იჩენდა ჰერმეტული კაბალას შესწავლისადმი, რომელმაც შემდგომში უდიდესი გავლენა იქონია მის ოკულტურ ხედვებზე. მის მიერ გამოქვეყნებული წიგნი, “მისტიური კაბალა” (1935), დღემდე მონუმენტურ ადგილს იკავებს კაბალისტურ საიდუმლოებებზე დაწერილ წიგნებს შორის. სწორედ ამ პერიოდში მოახდინა მან ოჯახის ლოზუნგის “Deo, non fortuna” მოდიფიკაცია და მაგიური სახელი- Dion fortune დაირქვა.

1921 წლის იანვრიდან-მარტამდე, მან და ადეპტმა, სახელად კურტის ვებმა,  ტრანსულ მედიუმიზმში დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება.  პროცესში მათ კონტაქტი დაამყარეს სულიერ არსებებთან, რომლებსაც “ავალონის ზედამხედველები” დაარქვეს.  ხილვებში მირებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქი გლასტონბერი წარმოადგენდა ძველი დრუიდული სასწავლებლის ადგილს.

1922 წელს ფორჩუნი კვლავ დაბრუნდა გლასტონბერში და ანონიმ ქალბატონთან, ვინმე ე.პ.-სთან ერთად ტრანსული მედიუმიზმის ექსპერიმენტების ახალი სერია დაიწყო. ამ პერიოდში ფორჩუნი ასტრალურ სფეროებში ხვდება სოკრატეს, თომას ერსკინს  და ახალგაზრდა სამხედრო ოფიცერს, სახელად დევიდ კარსტეირს, რომელიც იპრესის ბრძოლაში  გარდაიცვალა. ფორჩუნმა მათი კომუნიკაციის მეთოდი აღწერა, როგორც “ინსპირაციული მედიუმიზმი”, რა დროსაც ოსტატები ქვეცნობიერის გავლით ამყარებდნენ კონტაქტს და მიიჩნევდნენ, რომ მედიუმი სრულად თავისუფლდება სხეულებრივი გავლენებისგან.

ამგვარად, ფორჩუნმა მედიუმიზმის მეშვეობით მიიღო საკრალური ტექსტი, სახელად “კოსმიური დოქტრინა”, რომელიც უზენაესმა ოსტატებმა უკარნახეს. ეს ნაწარმოები ნაწილ-ნაწილ იქმნებოდა 1923 წლის ივლისიდან 1925 წლის თებერვლამდე. მომდევნო წლებში ფორჩუნმა ეს მასალა თავის უფროსკურსელ სტუდენტებს მიაწოდა. წიგნის ოფიციალურად გამოქვეყნება ფორჩუნს თავისი სიცოცხლის მანძილზე არ სურდა, და ანდერძის მიხედვით, პირველად, მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1948 წელს გამოიცა.

1923 წლის აგვისტოში მორიარტი გარდაიცვალა, და ფორჩუნმა, - რომელიც არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულად პოპულარული მის მიმდევრებში, - სცადა მიმდევრების დარწმუნება, რომ სწორედ ის მიეღოთ ახალ ლიდერად. ზოგიერთი ამას დასთანხმდა, მაგრამ დასტური ყველასგან არ მიუღია.

1924 წლის 20 აგვისტოს ფორჩუნმა, მისმა უახლოესმა კომპანიომა, ლოვედეიმ  და კიდევ რამდენიმე ინიცირებულმა, ფორმალური ოკულტური ჯგუფი შექმნეს, რომელსაც “ადეპტუსი” დაარქვეს. იმავე წელს მათ შეიძინეს სახლი ბეიზვატერში, ცენტრალურ ლონდონში, რომელიც ტაძრის და შტაბ-ბინის როლს ასრულებდა. ოთახების გარკვეულ ნაწილს აქირავებდნენ, რათა თავიანთი საქმიანობა დაეფინანსებინათ. სახლის ზედა სართულზე განლაგებული იყო საცხოვრებელი ფართი, შუა სართულზე- ტაძარი, ხოლო ქვედა სართულზე - ოფისი და კერძო ბიბლიოთეკა. ჯგუფი სწრაფად გაიზარდა. 1925 წელს ისინი მიიღეს ოთხი ადეპტი, 1926 წელს ექვსი, ხოლო 1927 წელს - ათი. 1926 წლის ნოემბერში შეიქმნა მეორე ხარისხი, რომელზე გადასვლაც განვითარებულ ადეპტებს შეეძლოთ. 1926 წლის “წმინდა სულების” დღეს ფორჩუნმა და მისი ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრმა განიცადა სულიერი გამოცდილება, რომელმაც ერთობლივად ყველაში ექსტაზის განცდა გამოიწვია. მოგვიანებით ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს გამოცდილება ელემენტარული სამეფოებიდან შეტყობინების მიღების შედეგი იყო, და ამან ძლიერი გავლენა იქონია მათ რწმენაზე.

ამ დროისთვის განიხილებოდა გაერთიანება მოინა მაზერსის  ორდენთან, სახელად “alpha et omega”, თუმცა ფორჩუნს უარი უთხრეს, რადგან მაზერსს მისი “აურის ფერი” არ მოეწონა. ფორჩუნი აცხადებს, რომ იმ მომენტიდან ის ძლიერი ფსიქიკური თავდასხმის ობიექტად იქცა, რაც მაზერსის მიერ იყო გამოწვეული და თვეების მანძილზე თავს, როგორც რეალური, ასევე ეთერული კატები ესხმოდნენ.

1927-1930 წლებში დიონ ფორჩუნი გადამწყვეტ როლს ასრულებდა ბრიტანეთის ოკულტურ წრეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ოკულტური საზოგადოების- “შინაგანი სინათლის საძმოს” ჩამოყალიბება დაიწყო. იგი თავდაპირველად აქტიურად იყო ჩართული თეოსოფიურ საზოგადოებაში, რომელიც ელენა ბლავატსკაიას მიერ იყო დაფუძნებული და აღმოსავლური სიბრძნისა და დასავლური ეზოთერული ტრადიციების შერწყმას ცდილობდა. თუმც მას გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდა ამ საზოგადოებაში, რადგან ფორჩუნის მიდგომები და ინტერესები უფრო აქტიურად დასავლურ ოკულტიზმს უკავშირდებოდა, კერძოდ - კაბალას, ენოქიანურ მაგიას და “ოქროს განთიადის” ტრადიციებს.

ქრისტიანული მისტიციზმის ტრადიციებთან უფრო ღრმა კავშირის დამყარების შემდეგ, ფორჩუნი თეოსოფიას გამოეყო. როდესაც ჯიდუ კრიშნამურტიმ  თეოსოფიური საზოგადოება დატოვა და ამ მოძრაობაში პრობლემები გამოიწვია, ფორჩუნი მიმდინარე მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იგი კრიშნამურტის იდეებს დიდად არ სწყალობდა. ფორჩუნმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ბლავატსკაცია და მისი მიმდევრები შავი მაგიით იყვნენ დაკავებულნი. მოგვიანებით იგი ბომანჯი ვადიას და "გაერთიანებული თეოსოფების ლოჟას" დაუკავშირდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჰიმალაის ოსტატებთან ჰქონდათ კავშირი. ფორჩუნი მათთან სიფრთხილეს ინარჩუნებდა და აღნიშნავდა: "მიუხედავად იმისა, რომ მე მათ "ბოროტებად" არ მივიჩნევ, მაინც ძალიან უცხოდ მეჩვენებიან და ჩემში სიმპათიას არ აღძრავენ. აშკარაა, რომ ჩვენი თემის მიმართ მტრულად განწყობილები არიან. ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ იესო ქრისტეს მნიშვნელობას, რომელიც უდიდესია უზენაეს ოსტატებს შორის". ფორჩუნი ბრიტანეთში ინდური რელიგიური რწმენა-წარმოდგენების გავრცელების იდეით უკმაყოფილო იყო, რის გამოც მან ჯგუფი დატოვა. ფორჩუნი ამტკიცებდა, რომ მოინა მაზერსმა მის წინააღმდეგ ფსიქიკური თავდასხმები დაიწყო.

1927 წელს მან ოფიციალურად დააარსა “შინაგანი სინათლის საძმო”. ორდენი მოიცავდა ოკულტური ცოდნის სწავლებას, მაგიურ მედიტაციებს და ინიციაციის პრაქტიკებს, რომლებიც სულიერი თვითგანვითარებისა და კოსმიური ცნობიერების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ეს ორგანიზაცია დღემდე ფუნქციონირებს “შინაგანი სინათლის საზოგადოების” სახელით, მაგრამ, მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით.

ამავე წლის აპრილში იგი დაქორწინდა ტომ ევანსზე, უელსელ ექიმზე, რომელიც ტრანსმედიუმიზმის სესიებს ესწრებოდა. ამ პერიოდში ფორჩუნი “მედიცინის ოსტატებისგან” იღებდა ინფორმაციას. მედიუმური ტრანსის მეშვეობით მიღებული გზავნილები ალტერნატიულ მედიცინასა და დიაგნოსტიკის საკითხებზე იყო ფოკუსირებული და მოგვიანებით შეკრებილი იქნა ნაშრომში, სახელად “ეზოთერული მედიცინის პრინციპები”, რომელიც ფორჩუნის დაწინაურებული სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ფორჩუნის ჯგუფის ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ “მედიცინის ოსტატი”, რომელთანაც ფორჩუნს კონტაქტი ჰქონდა, პარაცელსუსი იყო, მაგრამ მომდევნო სესიებზე მიღებული გზავნილებით გაირკვა, რომ იგი იგნაც სემელვეისი გახლდათ.

1930 წელს, როდესაც ფორჩუნმა “მცირე მისტერიები” და სამსაფეხურიანი სისტემა სათანადოდ ჩამოაყალიბა, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი საქმიანობიდან განდგომა და სულიერ განვითარებაზე პერსონალურად ფოკუსირება სურდა. 1931 წლის გაზაფხულის ბუნიობაზე ფორჩუნმა დატოვა “შინაგანი სინათლის საძმოს” ლიდერის პოზიცია, ხოლო მის ადგილას ლოვედეი დანიშნა. ამავე წლებში ფორჩუნმა ყურადღება მედიუმიზმიდან რიტუალურ პრაქტიკაზე გადაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ საძმოს სხვა წევრები მაინც აგრძელებდნენ მედიუმიზმის გამოყენებას, ოსტატებისგან გზავნილების მისაღებად.

1933 წლისთვის ფორჩუნის ქორწინება სერიოზულად დაიძაბა. მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ ევანსი სხვა ქალებთან ურთიერთობებს ამყარებდა, ხოლო ფორჩუნი თავის ახლო მეგობრებს უყვებოდა, რომ მასთან მაგიური მიზეზების გამო დაქორწინდა, და არა სიყვარულის მიზეზით. ევანსმა საბოლოოდ განქორწინება მოითხოვა, რათა სხვა ქალზე დაქორწინებულიყო. ფორჩუნი შეძრწუნებული იყო, მაგრამ მის მოთხოვნას არ შეწინააღმდეგებია. რიჩარდსონის შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში ფორჩუნის საქმიანობა უფრო და უფრო პაგანურ მიმართულებას იღებდა. ამავე ავტორის მიხედვით, თანამედროვე პაგანიზმის და ვიკას ჩამოყალიბებაში ფორჩუნის როლი მონუმენტურია.

ოცდაათიან წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და გამოსცემდა როგორც ოკულტურ, ასევე მხატვრულ რომანებს, სადაც ეზოთერული კონცეფციებს ალეგორიულად გადმოსცემდა. ჟურნალებში გამოცემული მისი სტატიები შეიკრიბა და გამოიცა შემდეგი წიგნების სახით: “კეთილგონივრული ოკულტიზმი”, “პრაქტიკული ოკულტიზმი ყოველდღიურ ცხოვრებაში”, “ეზოთერული ორდენები და მათი სამუშაო”. პოპულარობით სარგებლობდა ასევე მისი რომანები, როგორიცაა “დოქტორი ტავერნერის საიდუმლოებები” და “დემონის საყვარელი”. 1938 წელს მან გამოსცა  უკანასკნელი ეზოთერული რომანი, სახელად “ზღვის ქურუმი”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წლების მანძილზე უცნობი იყო, რომ მან სიცოცხლეშივე დაასრულა ამ წიგნის მეორე ნაწილი (მთვარის მაგია), თუმცა, მისი გამოქვეყნება სიცოცხლის მანძილზე არ სურდა. საბოლოოდ, რომანი აღმოაჩინეს და ფორჩუნის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ, 1957 წელს გამოსცეს.

ფორჩუნის ბიოგრაფი, რიჩარდსონი ასე აფასებს მის სამწერლო მოღვაწეობას: “თუ დიონი მწერლობის უდიდეს ნიჭს მთლიანად ლიტერატურულ სფეროში გადაიტანდა, მას შეეძლო კლასიკოსი მწერალი გამხდარიყო. უკანასკნელი ორი რომანით, “ზღვის ქურუმით” და “მთვარის მაგიით” ამ ჟანრში დიდების მწვერვალს მიაღწია. ვერავინ იდავებს, რომ ორივე მათგანი საუკეთესო რომანია, რაც კი ოდესმე დაწერილა მაგიაზე. მეტსაც ვიტყოდი, ამ ჟანრში მას კონკურენტი არ ჰყავს, ასე რომ, ეს ერთადერთი რომანია, რაც კი შექმნილა მაგიაზე”.

1945 წლის ბოლოს ფორჩუნი დაავადდა და ვერ შეძლო ზამთრის ბუნიობაზე საძმოს წინაშე სიტყვით გამოსვლა. 1946 წლის იანვარში, 55 წლის ასაკში, იგი ლეიკემიით გარდაიცვალა. მისი ცხედარი გლასტონბერში გადაასვენეს, სადაც სენტ-ჯონის მღვდელმსახურ ლ. ს. ლუისის მეთვალყურეობით დაკრძალეს. ფორჩუნის ქონების უმეტესი ნაწილი მის საზოგადოებას გადაეცა. მისი სიცოცხლეში მისი საძმოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია, შესაძლოა, მისი პიროვნების კულტი გამხდარიყო, ამიტომ ფორჩუნის გარდაცვალების შემდეგ ბიოგრაფიული დეტალების გავრცელებას ხელი არ შეუწყვეს. საზოგადოების წევრები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მისმა მემკვიდრემ, ლოვედეიმ, ფორჩუნის დღიურების, მიმოწერებისა და ფოტოების უმეტესობა გაანადგურა, რითაც აიხსნება კიდეც მისი ფოტოსურათების სიმწირე.

იგი სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის, კერძოდ კი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის “უდიდეს ეზოთერიკოს ქალად”. მისი შრომები ოკულტურ წრეებში დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რასაც ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ ფორჩუნის კალამს- ჯამში 20 ეზოთერული ნაშრომი და 9 მაგიური ნოველა ეკუთვნის.

 

Back to blog