ᲜᲘᲙᲝᲚᲐᲡ ᲙᲣᲚᲞᲔᲞᲔᲠᲘ
Share
ნიკოლას კულპეპერი დაიბადა 18 ოქტომბერს 1616 წელს (ძველი სტილის მიხედვით). ეს სახელი მას მამის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მის დაბადებამდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. ნიკოლასმა ბავშვობა დედასთან და ოჯახთან ერთად გაატარა სახლში, ისფილდში, სასექსის ოლქში, სადაც მისი აღზრდით დაკავდა ბაბუა დედის მხრიდან - მოძღვარი უილიამ ატერსოლი, რომელიც იმ პერიოდში ისფილდის წმინდა მარგარიტას ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა და თავისი შეხედულებებით პურიტანიზმისკენ იყო მიდრეკილი. მან შვილიშვილს არამხოლოდ ლათინური და ბერძნული ასწავლა, არამედ უპირველეს ყოვლისა პურიტანული სარწმუნოება და სამეფო გვირგვინის მიმართ უპატივისმცემლობა ჩაუნერგა.
მოძღვარი ატერსოლი საკმაოდ განათლებული მღვდელი გახლდათ და მღვდელთმსახურობისთვის ცოტა უჩვეულო ბიბლიოთეკას ფლობდა. უკვე ათი წლის ასაკში, პატარა ნიკოლასმა დაიწყო წიგნების ფარულად აღება ბაბუის ბიბლიოთეკიდან. როგორც მოგვიანებით, თავად კულპეპერი იხსენებდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერ კრისტოფერ ჰეიდონის „დაცვითმა დიქტალურმა ასტროლოგიამ“, ხოლო „ადამიანის სხეულის ანატომიის შესახებ“ წიგნი ჩუმად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და მალულად კითხულობდა. ალბათ სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო ექიმი. თუმცა, შვილიშვილის ასეთი გატაცება ბაბუას არ მოსწონდა. მან მხოლოდ ბიბლიის კითხვის უფლება მისცა ნიკოლასს, ის ოცნებობდა, რომ შვილიშვილი მის კვალს გაჰყოლოდა და მღვდელი გამხდარიყო.
1632 წელს, 16 წლის ასაკში, კულპეპერი დედის და ბაბუის სურვილით ხვდება კემბრიჯის უნივერსიტეტში თეოლოგიის შესასწავლად, მაგრამ თეოლოგიის ნაცვლად მან მედიცინის ლექციებზე დასწრება დაიწყო. თუმცა, კულპეპერმა მაინც ვერ მიიღო საუნივერსიტეტო განათლება. ამ პატივსაცემი სასწავლო დაწესებულებიდან მისი წასვლა სკანდალურ და ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდებოდა.
ნიკოლასმა გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ჯუდიტ რივერზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. იცოდნენ რა, რომ ჯუდითის ოჯახი დაქორწინებას არ დათანხმდა, ახალგაზრდებმა გაქცევა გადაწყვიტეს. ის დაქორწინებას შემდეგ ნიდერლანდებში ცხოვრებას აპირებდა, სანამ ოჯახური შუღლით არ დამთავრდებოდა. მაგრამ შეყვარებულთან მიმავალ გზაზე ჯუდითის ეტლს ელვამ დაარტყა(თუ მეხი დაეცა) და გოგონა გარდაიცვალა. ეს ტრაგიკული მოვლენა კულპეპერის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ის ღრმა მელანქოლიაში ჩავარდა და დიდხანს ცხოვრობდა განდეგილივით(ან განმარტოებულად). დედამისი ასევე ღრმად განიცდიდა მომხდარს და მალევე გარდაიცვალა. ბაბუა უზომოდ გაბრაზდა შვილიშვილზე და, ბოლოს, ნიკოლასი დედის ოჯახიდან განდევნა. ამის შემდეგ ის უკვე ვერ დაბრუნდებოდა უნივერსიტეტში ვერც თეოლოგიის და ვერც მედიცინის შესასწავლად. მისთვის მღვდლის კარიერაც და ექიმის კარიერაც ოფიციალურად დაიხურა.
კულპეპერი სასწავლებლად ფარმაცევტს, აფთიაქარს მიებარა. მან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ფარმაციის შესწავლა და ძალიან სწრაფადვე დაეუფლა ამ დარგი ისე, რომ მისი პატრონის გარდაცვალების შემთხვევაში შეეძლო ამ საქმეზე ხელის მოკიდება.
ერთხელ, 1635 წლის ნოემბერს, კულპეპერი მოინახულა უილიამ ლილიმ, რომელმაც მას ასტროლოგიის შესწავლა შესთავაზა. ნიკოლასმა მიიღო წინადადება. ის აღფრთოვანებული იყო ასტროლოგიით, განსაკუთრებით კი ასტროლოგიისა და მედიცინის კავშირის შესაძლებლობით.
1640 წელს 24 წლის ასაკში, კულპეპერი ელის ფილდზე დაქორწინდა, რომლის მამაც მან პოდაგრისგან განკურნა და იმდენად დიდი მემკვიდრეობა მიიღო, რომ სპიტალფილდში, წითელი ლომის ქუჩაზე (ახლა ეს ადგილი ლონდონშია, ისტ-ენდში) საკუთარი სახლის აშენება შეძლო. იქ მან დაიწყო საკუთარი პრაქტიკა, როგორც ასტროლოგმა და ფიტოთერაპევტმა და მალევე გახდა ცნობილი იმ ადგილების ღარიბ მოსახლეობაში, რადგან ხშირად მათ საერთოდ უფასოდ ან ძალიან მცირე თანხის საფასურად ეხმარებოდა.
კულპეპერმა კლასიკური ენების ცოდნის წყალობით, მედიცინის სრულყოფილად შესწავლა შეძლო, მაგრამ დოქტორის ხარისხის და ექიმის ლიცენზიის მიღების გზა იმ პერიოდში მისთვის გადაკეტილი იყო. ოფიციალურად ის უბრალო აფთიაქარად, ფარმაცევტად დარჩა. მისი საქმიანობა ექიმთა სამეფო კოლეჯის წევრების სიძულვილს იწვევდა, ორგანიზაციისა, რომელიც მედიცინის დოქტორებს აერთიანებდა. მას, ექცეოდნენ როგორც არარაობას. იმ დროს ექიმი ჩვეულებრივ საკმაოდ ავტორიტეტული პერსონა იყო, მისი მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირდა. ღარიბებს შორის მცხოვრები და უბრალო ხალხის მკურნალი კულპეპერი ფსევდო ექიმს, თითქმის შარლატანს ჰგავდა. როდესაც მან სამედიცინო ისტებლიშმენტზე თავდასხმა დაიწყო სიავის, უცოდინრობისა და თვალთმაქცობის ბრალდებებით, ის კოლეჯის პირველ მტრად გადაიქცა, ეს კი უკვე დიდ უსიამოვნებას უქადდა მას. კოლეჯი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა სამეფო კართან. ამავე დროს ასტროლოგიით და არალიცენზირებული სამედიცინო პრაქტიკით დაკავებას დაემატა კულპეპერის ანტიმონარქიული შეხედულებები. სავარაუდოდ ის თავის უკანასკნელ დღეებს ციხეში გაატარებდა, თუმცა სამოქამაქო ომის დაწყებამ სიტუაცია შეცვალა.
1642 წელს როგორც მოხალისემ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის მხარეზე ეჯჰილის ბრძოლაში. რედინგის ალყისას ის ბრმა ტყვიამ დაჭრა.
სამოქალაქო ომში პარლამენტის გამარჯვებამ კულპეპერს ახალი შესაძლებლობების გზა გაუხსნა. ცენზურის ფაქტობრივმა გაუქმებამ შესაძლებელი გახადა მისი ნამუშევრების გამოქვეყნება და კოლეჯის გავლენა შესამჩნევად შემცირდა. კულპეპერი ოცნებობდა, რომ მცენარეული მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და, უპირველეს ყოვლისა, ღარიბებისთვის, რომლებიც თავს ვერ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ექიმისთვის მიემართათ. ამიტომ, 1649 წელს მან გამოაქვეყნა ინგლისურად ნათარგმნი ექიმთა სამეფო კოლეჯის "Pharmacopoeia Londinesis", სათაურით „სამკურნალო სახელმძღვანელო, ანუ ლონდონური აფთიაქის თარგმანი, სადაც წერდა:
"მე ვთარგმნე სამედიცინო წიგნი წამლების შესახებ ლათინურიდან ინგლისურ ენაზე გამოსაცემად, რათა ჩემს თანამემამულეებს და აფთიაქარებს დავეხმარო ექიმების მიერ დაწერილი რეცეპტების გაგებაში. დღემდე მათ წამალი შეთქმულ საიდუმლოდ გადააქციეს, რათა დაემალათ თავისი უცოდინრობა და პაციენტებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. თავის წიგნებსაც საიდუმლოდ ინახავდნენ, რათა ყველასთვის არ გამხდარიყო ცნობილი“.
1651 წელს კულპეპერი აქვეყნებს „Semeiotica uranic , ანუ ასტროლოგიური განსჯა დაავადებათა შესახებ“ და „ბებიაქალობის გზამკვლევი ანუ ქალთა სახელმძღვანელო ბავშვების ჩასახვის, გაჩენისა და აღზრდის შესახებ“. ბოლო თემა მისთვის ძალიან აქტუალური იყო, ქორწინების 14 წლის განმავლობაში 7 შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ქალიშვილი, მერი გადარჩა.
1652 წელს ის ლათინურიდან ინგლისურად თარგმნის „განკურნების ხელოვნებას“ და იმავე წელს აქვეყნებს „Catastrophe magnatum, ან მონარქიის დაცემა“ - მუნდანური ასტროლოგიის ნაშრომი, რომელიც ძირითადად 1652 წლის 29 მარტის მზის დაბნელებას ეხება.
1655 წლის 5 სექტემბერს კულპეპერმა დაასრულა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი მის ცხოვრებაში - „ინგლისელი ექიმი, ან ასტრო-სამედიცინო ტრაქტატი ამ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული მცენარეების შესახებ“. ეს არის დიდი ჰერბალიუმი, რომელშიც აღწერილია თითოეული მცენარის გარეგნობა, ზრდის ადგილები, ყვავილობა და ნაყოფიერების დრო და, რა თქმა უნდა, მისი სამკურნალო თვისებები. უფრო მეტიც, მოცემულია თითოეული მცენარის სიმბოლური კავშირი პლანეტებთან და ზოდიაქოს ნიშნებთან, ასევე პირველად თვისებებთან და ტემპერამენტულ მონაცემებთან.
ამავე დროს კულპეპერის ჯანმრთელობაც დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. ომში მიღებულმა ჭრილობამ გამოიწვია ტუბერკულოზი, ამასთან ერთად ინტენსიურმა მუშაობამ, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ის ძვლად და ტყავად აქცია. "ინგლისელი ექიმის" გამოსვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1654 წლის 10 იანვარს, კულპეპერი მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ის მხოლოდ 38 წლის იყო.
მისი გარდაცვალების შემდეგ, კულპეპერის მრავალი ნამუშევარი გამოუქვეყნებელი დარჩა. ეს იყო როგორც ახალი წიგნები, ასევე ადრე გამოქვეყნებული ნაწარმოებების გაუმჯობესებული და ვრცელი ვერსიები. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ და შემოგთავაზებთ ნაშრომს, რომელიც კულპეპერის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მიუხედავად ამისა, მასში შემავალი ტექსტების დაწერის დრო საკმაოდ ზუსტად არის ცნობილი. პირველი ვარიანტი დათარიღებულია 1647 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე (როდესაც მზე ქალწულის ნიშანში იყო). შემდეგ ტექსტი გასწორდა და განივრცო 1648 წელს, როდესაც მზე იყო მორიელის 12-ში.
ნიკოლას კულპეპერი ცნობილი გახდა, უპირველეს ყოვლისა, როგორც სამედიცინო ასტროლოგი, რომელიც წარმატებით აერთიანებდა ასტროლოგიას მცენარეულ მედიცინასთან და როგორც დეკუმბიტური ასტროლოგიის შესახებ წიგნის ავტორი. მაგრამ შემოთავაზებული ნაშრომი პირდაპირ არ ეხება სამედიცინო ასტროლოგიის საკითხებს, ის ჰორარულ და ელექტიურ ასტროლოგიას ეძღვნება. "Opus astrologicum" შედგება რამდენიმე მოკლე ტექსტისაგან:
- ელექცია მათთვის, ვინც ომში მიდის;
- ელექცია მოგზაურობისთვის;
- ელექცია მშენებლობისთვის;
- ელექცია განძის მაძიებელთათვის;
- ელექცია ქორწინებისთვის;
- წინასწარმეტყველება.
ამ უკანასკნელზე უფრო დეტალურად შევჩერდეთ. თავად კულპეპერი ამ ტექსტს უწოდებს "პროგნოზებს ან ასტროლოგიურ საიდუმლოებებს" ან უბრალოდ "პროგნოზებს". ამ განყოფილებაში ის საუბრობს შეტყობინებების სიმართლეზე, წერილებზე, ეხება განძის ძიების და ციხიდან განთავისუფლების საკითხებს. მაგრამ ძირითადი ნაწილი ეთმობა იმის გამოცნობას, განჭვრეტას, თუ რა მიზნით მოვიდა კლიენტი ასტროლოგთან, მანამდეც კი, სანამ ის თავის კითხვას დასვამს, ან იმ შემთხვევაში, თუ ურჩევნია არ გაამჟღავნოს თავისი აზრები და ასტროლოგს ამოაცნობინოს რა საკითხით მივიდა მასთან.
"Opus astrologicum ანუ შთამომავლობისთვის დატოვებული ასტროლოგიური ნაშრომი“ ასტროლოგიური აფორიზმების ჟანრშია დაწერილი, რაც მას არამხოლოდ ჰორარული და ელექტიური ასტროლოგიის ცოდნის უნიკალურ წყაროდ ხდის, არამედ სასარგებლო და მოსახერხებელი საცნობარო წიგნადაც აქცევს, რომელიც შეიძლება გამოადგეს ნებისმიერი ასტროლოგის პრაქტიკოსს, ვიმედოვნებ, მკითხველი იპოვის ბევრ საინტერესოს და სასარგებლო თემას მე-17 საუკუნის ინგლისელი ექიმისა და ასტროლოგის საყურადღებო წიგნში.