ᲤᲠᲐᲜᲪ ᲑᲐᲠᲓᲝᲜᲘ

ᲤᲠᲐᲜᲪ ᲑᲐᲠᲓᲝᲜᲘ

ოკულტისტი და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი განდობილი, ფრანც ბარდონი დაიბადა 1909 წლის 1 დეკემბერს, ჩეხეთში, ქალაქ ოპავაში. იგი უფროსი იყო ცამეტშვილიანი ოჯახიდან, თანაც ერთადერთი ვაჟი, რომელსაც ღვთისმოსავი ქრისტიანი მისტიკოსი, ვიქტორ ბარდონი (ბარდონის მამა) განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდა. ვიქტორს ლოცვის დროს ხილვა ჰქონდა, რომ მისი შვილი, ფრანცი, უზენაესი განგებულებისგან იყო კურთხეული და ბიჭუნას სხეულში უწმინდესი სული შევიდა, რომელსაც კაცობრიობის მასშტაბით უდიდესი მისია უნდა აღესრულებინა. თავად ბარდონის მიხედვით, იგი გახლდათ ჰერმეს ტრისმეგისტოსის უკანასკნელი ინკარნაცია, რომელსაც ჭეშმარიტი განდობის პრაქტიკული ასპექტები გასაგებად უნდა გადმოეცა კაცობრიობისათვის.  

ბარდონის ახალგაზრდული წლების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, რადგან იგი ეზოთერული გადმოსახედიდან გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებდა ცნობადობისგან, ამიტომ, მისი გარეგნობითაც კი ვერავინ ხვდებოდა, თუ რამდენად ბუმბერაზ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. ბარდონის ბიოგრაფიის შესახებ დადასტურებული ცნობების ერთადერთ წყაროდ ითვლება მისი მარჯვენა ხელისა და მოსწავლის, ოტი ვოტატოვას მიერ დაწერილი ნაშრომი, სახელად frabato the magician. მიუხედავად ამისა, გვიანდელ წლებში მისი პოპულარობა უფრო და უფრო გაიზარდა, რასაც მის გარშემო დატრიალებული სასწაულებრივი მოვლენები უწყობდა ხელს. 

1930-იან წლებში ბარდონმა ნატუროპათიული განხრით დაიწყო ჩეხეთის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობა, სადაც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდა სხვადასხვა დაავადებისგან დასნეულებულ პაციენტებს. იგი ერთი შეხედვით განუკურნებელი დაავადებებისგან კურნავდა პაციენტებს, რაც საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალში დიდძალ შურს აღძრავდა. ბარდონის მოღვაწეობა ხელს უშლიდა დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას, და გაურკვეველი მიზეზებით, ხშირად ათავისუფლებდნენ საავადმყოფოებიდან. ამგვარად ბარდონმა რამდენიმე საავადმყოფო გამოიცვალა, სადაც ასობით პაციენტის სრულად განკურნება შეძლო. არსებობს პაციენტების მიერ ხელმოწერილი სამედიცინო ჩანაწერები, სადაც ბარდონის მიერ დამზადებული მცენარეული ნაყენებისგან, მესამე სტადიის კიბოსგან განკურნების შესახებ საუბრობენ.

ნაცისტურ გერმანიას მალევე მიუვიდა ცნობები ბარდონის შესახებ, რის შედეგადაც გესტაფოს მიერ მისი ძებნის განკარგულება გაიცა. ბარდონს ამ პერიოდში მოსწავლეები ჰყავდა აყვანილი, რომელთაც პირადი მიმოწერების განადგურების დავალება ჰქონდათ მიღებული. ერთ-ერთი მოსწავლის დაუდევრობის გამო, რომელმაც წერილების განადგურებაზე უარი თქვა, 1941 წელს ბარდონი და მისი მოწაფე დააპატიმრეს. ჰიტლერის განკარგულების მიხედვით, ბარდონს უნდა გაეცა 98 ოკულტური ლოჟის მისამართი, რომელსაც შემდგომში თავისი შავ-მაგიური მიზნებისთვის გამოიყენებდა. ბარდონმა საიდუმლოების გამჟღავნებაზე უარი თქვა და თითქმის ოთხი წლის მანძილზე უძლებდა საშინელ წამებას, რა დროსაც ჰერმეტული სავარჯიშოების მიხედვით სხეულში შეგრძნებებს თიშავდა, მაგრამ გამუდმებულმა ზეწოლამ მის ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა იქონია. მისგან განსხვავებით, ბარდონის მოწაფემ წამებას ვერ გაუძლო და ტკივილისგან შეშლილმა, აკრძალული კაბალისტური შელოცვა წამოიძახა, რამაც ჯარისკაცები ნახევარი საათის მანძილზე გააშეშა ადგილზე. შოკირებულმა ნაცისტებმა გამოფხიზლებისთანავე მოწაფე ადგილზე დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ ბარდონი ციხიდან გამოვიდა და აქტიურად დაიწყო მუშაობა წიგნზე, რომელიც მოგვიანებით ოკულტურ კლასიკად და პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაზე დეტალურ სახელმძღვანელოდ იქცევა ჰერმეტიზმისა და მაგიის შესახებ დაწერილ წიგნების ისტორიაში. 

ამავე პერიოდში მან მოსწავლეებს გაუმხილა, თუ როგორ დაინახა ნათელმხილველურ სარკეში, რომ ჰიტლერს თავი არ მოუკლავს და იგი არგენტინაში გაიქცა, სადაც პლასტიკური ოპერაციების შედეგად გარეგნობა შეიცვალა და კვლავ აგრძელებდა აქტიურ მოქმედებებს. 

ბარდონს ნათელმხილველურ სარკეში, უმაღლეს მენტალურ სფეროში გადაღებული აქვს ქრისტეს ერთადერთი ავთენტური ფოტოსურათი და ჰაერის ელემენტალი, რომელიც მან თავის მოსწავლეებს აჩვენა, ხოლო ქრისტეს ამ ფოტოსურათს დღემდე იყენებენ სალოცავად ბარდონის მოსწავლეთა შთამომავლები. 

იგი ყოველწლიურად, მთელი ერთი წლის მანძილზე დღეში 40-დან 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა, რომელიც სინამდვილეში თამბაქოს ფესვებისგან იყო დამზადებული და ტკბილი არომატი ჰქონდა. წლის დასასრულს, მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოწევას წყვეტდა და კიდევ ერთი წყლის შემდეგ ისევ იწყებდა. მისი მიხედვით, მოცემული პრაქტიკა მას განზრახვის დახვეწაში ეხმარებოდა. 

ოტი ვოტატოვა ასეთ ამბავს იხსენებს: “ოსტატი არიონი (ფრანც ბარდონის მაგიური სახელი) ამბობდა, რომ დიდი ხანია, მზის სულთან აღარ უსაუბრია. მან მთხოვა, რომ ევოკაციის დასრულებამდე სამზარეულოში გავსულიყავი და ოთახში იქამდე არ შემეხედა, სანამ თვითონ არ დამიძახებდა, რადგან მისი თქმით, სარკიდან წამოსული სინათლე მომენტალურად დამაბრმავებდა. სახლში მარტონი ვიყავით. ცოტა ხანში მთელი საცხოვრებელი ოთახიდან გამომავალი სინათლით განათდა, საიდანაც ხმამაღალი მისალმების ხმა მომესმა, თითქოს ათამდე ადამიანი ერთდროულად, სხვადასხვა ხმით ლაპარაკობდა. ხმები ამბობდნენ: “ბოლოს ერთმანეთს ათასი წლის წინ შევხვდით”. 

ფოტოგრაფთა მიერ დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც ბარდონისთვის ფოტოს გადაღებისას კამერის ნათურა სკდებოდა. ბარდონის მოწაფეები ამბობდნენ, რომ ეს მისი ელექტრომაგნეტური ვიბრაციის წყალობით ხდებოდა, რომელიც იმდენად მძლავრი იყო, რომ მასთან ყოფნისას ყურებში ზარების ხმა ჩაესმოდათ და სხეული უბუჟდებოდათ. 

მის კალამს ეკუთვნის სამი ნაშრომი: “ინიციაცია ჰერმეტიზმში” (1956), “მაგიური ევოკაციის პრაქტიკა” (1956) და “ჭეშმარიტი კაბალას გასაღები” (1957). მისი მიხედვით, ინიციაცია ჰერმეტიზმში განასახიერებს პირველი მაღალი არკანის, მოგვის ინიციაციის ათსაფეხურიან სისტემას. მეორე წიგნი ხსნის ქურუმი ქალის არკანის საიდუმლოებათა საფუძვლებს, რომლის პრაქტიკაც ბარდონის მიერ მკაცრად იკრძალება იქამდე, სანამ ინიციაცია ჰერმეტიზმში მინიმუმ მერვე საფეხურამდე სრულყოფილ განსწავლას არ ექნება ადგილი. ხოლო, ბოლოს, ჭეშმარიტი კაბალას გასაღებში გაცხადებულია არკანი ბედის ბორბალის საიდუმლოებები. 

ბარდონი გარდაიცვალა 1958 წლის 10 ივლისს, 48 წლის ასაკში, ოფიციალური ჩანაწერებით პანკრეასის შედეგად, მაგრამ სხვა წყაროების მიხედვით, ბარდონმა განაცხადა, რომ მან დედამიწაზე მისია აღასრულა და სხეული საკუთარი ნებით დატოვა. 

 

Back to blog