ᲤᲠᲐᲜᲪ ᲰᲐᲠᲢᲛᲐᲜᲘ

ᲤᲠᲐᲜᲪ ᲰᲐᲠᲢᲛᲐᲜᲘ

ფრანც ჰარტმანი (1838, 22 ნოემბერი - 1912, 7 აგვისტო) იყო გერმანელი მედიცინის დოქტორი, თეოსოფოსი, გეომანტი[1], ასტროლოგი და მწერალი. იგი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა ოკულტური მეცნიერებებით და მთელი ცხოვრების მანძილზე გულდასმით თარგმნიდა გერმანულ ენაზე სხვადასხვა ეზოთერულ ნაწარმოებებს. განსაკუთრებულად დაინტერესეული იყო გეომანტიით, ასტროლოგიით და ალტერნატიული მედიცინის საკითხებით. მან პირველად თარგმნა გერმანულად “ბჰაგავად გიტას”[2] სრული ვერსია. 1893-1900 წლებში აქვეყნებდა ეზოთერული თემატიკის მქონე გაზეთს, სახელად Lotusblüthen [3], ხოლო, 1908-1913 წლებში Neue Lotusblüten[4]-ს. ჰარტმანმა, ისტორიაში პირველად, გამოაქვეყნა ნაშრომი პარაცელსუსის[5] ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რასაც წლების მანძილზე იკვლევდა; მოცემული ნაწარმოები, პარაცელსუსის ბიოგრაფიისა და სისტემის შესასწავლად, დღემდე ყველაზე ავთენტურ ნაშრომად ითვლება.

ჰარტმანს თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთ თანადამფუძნებლადაც თვლიან, რომელმაც, მოგვიანებით, უდიდესი როლი ითამაშა ოკულტური საიდუმლო საზოგადოების სახელად Ordo Templi Orient [6]” ჩამოყალიბებაში. 1896 წელს ჰარტმანმა ჩამოაყალიბა “გერმანული თეოსოფიური ორგანიზაცია” და გამოაქვეყნა ოკულტურ წრეებში ფართოდ აღიარებული ნაშრომები, როგორებიცაა: “თეთრი და შავი მაგია”, “ოკულტური მეცნიერება მედიცინაში”, “ურურის მოლაპაკარე ნახატი”, “ალქიმია და ასტროლოგია”, “ოკულტური მეცნიერების ოთხი სვეტი” და კიდევ რამდენიმე ნაშრომი გეომანტიის შესახებ.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად ითვლება ოკულტური ნოველა, სახელად “მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის”, სადაც იგი მხატვრული ლიტერატურის სტილში ეზოთერულ საიდუმლოებებს გვიმჟღავნებს. ნაწარმოები იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მის სიცოცხლეშივე, განახლებული ტირაჟით, რამდენჯერმე გამოიცა. ჰარტმანი სამართლიანად ითვლება “თავისი დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეოსოფოს ავტორად”, რომელმაც ოკულტურ ლიტერატურას უმნიშვნელოვანესი ნაშრომები დაუტოვა.

[1]ქვიშით ან მიწით ბედის მკითხავი. (აქ და ამიერდან შენიშვნები ეკუთვნის მთარგმნელს).

[2]იგივე “ღმერთის სიმღერა”, რომელშიც ასახულია ღვთაება კრიშნასა და პირნც არჯუნას შორის გამართული დიალოგი. ინდუიზმში იგი ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ტექსტად ითვლება.

[3] ლოტოსის ყვავილები.

[4] ახალი ლოტოსის ყვავილები.

[5]პარაცელსუსი (1493-1541) - შვეიცარიელი ექიმი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი. თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ტოქსიკოლოგიური დარგის დამფუძნებელი და უამრავი ალქიმიური ნაშრომის ავტორი.

[6] 1895 წელს დაარსებული ჰერმეტული, მაგიური ორგანიზაცია.

Back to blog