ᲡᲣᲤᲘᲣᲠᲘ ᲒᲜᲝᲖᲘᲡᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲐᲡᲞᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
Share
სანამ უშუალოდ სუფიური გნოზისის განმარტებაზე გადავალთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ძირითადად მოცემული გვაქვს მეცნიერებისა და ცოდნის შემდეგი მიმართულებები:
1. ILM AL INSAN -"ადამიანური", ანუ მატერიალისტურ-საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
2. ILM AL RABBANI - სულიერი, მეტაფიზიკური მეცნიერებები.
(ILM -არაბულად ცოდნას აღნიშნავს)
პირველი, ILM AL INSAN - ეს არის აკადემიური, კვლევითი, სწორხაზოვანი შეფასებითი ცოდნა, გამომდინარე ისტორიიდან, ანთროპოლოგიიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ასე შემდეგ.
მეორე კი, ILM AL RABBANYA, ეს არის სხვა „კვლევითი ინსტრუმენტებით“: ჭვრეტიდან, ან აღქმიდან და სულიერი გნოზისიდან მიღებული მეტაფიზიკური ცოდნა.
ანუ აქ, ამ მოცემულობაში, სუფიები ცდილობენ აგვიხსნან, რომ არ არის მიზანშეწონილი სწორხაზოვანი მეცნიერული კვლევებით მივუდგეთ არა-სწორხაზოვან და არა-ერთმნიშვნელოვან მეტაფიზიკურს ფენომენებს, და გამოვიყენოთ იგივე ინსტრუმენტები და ხერხები, რასაც ვიყენებთ აკადემიური კვლევის დროს , როცა საქმე ეხება მაგიას, მისნობას, იდუმალთმეტყველებას, თეურგიას და ასე შემდეგ.
ადამიანური გონება შეიძლება დანახულ იქნას შემდეგი პერსპექტივიდან:
პირველი - ეს არის აქტიური, მოაზროვნე გონება, რომელიც ოპერირებს მიზეზ-შედეგობრივ, ინტელექტუალური და ლოგიკური ცნებებით და არის ადამიანის აკდემიური მეციერებათა კვლევის ძირითადი ორგანო.
მეორე - ეს არის აღქმითი, ჭვრეტითი გონება, რომლეიც გახსნილია მეორე, მიღმიერი სამყაროსაკენ და რომელიც ნაკლებად შეღწევადია ჩვენი გონების რაციონალურ-ლოგიკური ინსტრუმენტებისათვის, გამომდინარე ჩვენი ყურადღების ჩართულობიდან და ჩვენ სხეულში ენერგიის ციკლური მიმოქცევისაგან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ ვამბობთ, რომ ანალიტიკური, აქტიურ გონებას აქვს თავისი, როგორც დადებითი და ხელსაყრელი მდგომარეობა როცა საქმე ეხემა აკადემიურ ცოდნას, მაგრამ ასევე აქვს მინუსი და ნაკლი, როდესაც საქმე ეხება მეტაფიზიკურ კვლევებს, რადგან ის ვერ ცდება თავისი ინსტრუმენტების შესაძლებლობებს; ცოდნის და მეცნიერების კორპუსის და სოციალური სტატუსის ინტელექტუალური რუქა მკაცრად შემოსაზღვრულია და მისი გარღვევა ძალიან იშვიათად ხდება, და თუ ხდება, ისეთ არაორდინალურ გამონაკლისების შემთხვევაში, როგორიც მაგალითად კარლ იუნგი გახლდათ, რომელსაც ერთ მხრივ შეუძლია იყოს ჭლექით დაავადებული ავადმყოფთა მკურნალი ექიმი და პაციენტების ავადობების ისტორიების სკურპულოზური შემკრები, და მეორეს მხრივ კი - "წითელი წიგნისა" და „7 ქადაგება მკვდართათვის“ ავტორი.
და იგივე ითქმის გონების მეორე მხარეზე: აღქმით და ჭვრეტით და სულიერი წვდომით მიღებულ ცოდნას თავისი ნაკლი აქვს საბუნებისმეტყველო და რაციონალური ცოდნის კორპუსში.
გარდა ამისა, ჩვენ თვალნათლივ ვართ მომსწრე, თუ როგორ ხდება აკადემიური ცოდნაში ფუნდამენტური საძირკვლების გადაფასება, თითქმის ყოველ 50-60 წელიწადში. თუ გასული საუკუნის 40-50 იან წლებში კოკაინის გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეწონილი იყო, დღეს ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ასევე, სხვა უამრავი მაგალითები არსებობს იმისა, თუ როგორ იცვლება ჩვენს თვალწინ, ერთი თაობის ფარგლებშიც კი, მეცნიერული და აკადემიური ცოდნის ფუნდამენტური მონაცემები.
* * *
სუფიზმზე საუბრის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ ძირითადად ადგილი აქვს სამ მიმდინარეობას:
1. ერთი მათგანია ეთიკურ-მორალური მიმდინარეობა, ქცევის ბიჰევიორისტული მოდელი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ფრაზების, პოეზიის, ლიტერატურის, იგავ-არაკების(იდრის შაჰი, მოლა ნასრედინი) სახით, და ძირითადად მოცემული გვაქვს პოპულარული ჟანრისთვის დამახასიათებელი ზედაპირულ-კლიპური აზროვნებისაკენ მიდრეკილებით
2. პირწმინდად ძველ-ეგვიპტური, ბაბილონური, შუამდინარეთის, ზოროასტრული და ასევე სხვადასხვა შამანური და პაგანური პრაქტიკებისგან შემდგარი მიმდინარეობა, რომელიც ოსტატურად იყენებს ისლამის ტერმინებს, თავს აფარებს ისლამს და ცდილობს მის წიაღში გადარჩეს და განვითარდეს, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არანაირი შეხება არ აქვს ისლამთან და ჩვეულებრივი ჯაჰილიის (უგუნურების და უცოდინრობის) ჯადობაზობაა, რომელიც ზოგჯერ კი აღიარებს ალლაჰს, როგორც ერთ მთავარ ღმერთს, მაგრამ ამავე დროს, მის გარდა, ასევე პატარ-პატარა „ღმერთებზეც“ გვესაუბრება და მისი კავშირი მონოთეიზმის ქვაკუთხედ მცნებებთან ძალიან სუსტი და არასანდოა.
3. სუფიზმი, რომელიც პირწმინდად დაფუძნებულია ყურანზე, მისი აღქმის 7 დონეზე, სუნაზე და ჰადისებზე და რაც მთავარია, იმ საიდუმლო ორალურ ტრადიციაზე, რომელიც სათავეს იღებს პირველი წინასწარმეტყველის - "ინსან ალ კამილ"-ის ადამის მეტა-ენის წიაღში.
აქ კარგი იქნება თუ მოვიყვანთ წინასწარნეტყველ მუჰამედის ძალიან ცნობილ ჰადისს (გამონათქვამს):
„იმ ამბიონს, საიდანაც მე ვქადაგებ , და ჩემს საფლავს შორის, სამოთხის ერთ-ერთი ბაღი მდებარეობს“.
გასაგებია, რომ პირდაპირი, ეგზოთერული ახსნით აქ თითქოს საქმე გვაქვს წინასწარმეტყველის ცხოვრების გზაზე, მისი შუამავლობის ნათელ არსზე, მაგრამ გაცილებით უფრო მართებული ჩანს ის ეზოთერული შინაარსი, როგორითაც ისმაილიტი სუფიები ხსნიან ამ ჰადისს: "ქადაგების ამბიონი"- ეს არის პოზიტიური რელიგია თავისი დოგმებით და იმპერატივებით, შარიათით და კანონებით, ხოლო „საფლავი“ კი ფილოსოფია და მეტაფიზიკაა, (ანუ არაბულად -„ფალსაფა“). აუცილებელია, რომ პოზიტიური რელიგიის ეგზოთერული ასპექტი თავისი დოგმატიკით, ამ „საფლავში“ ჩაიმარხოს და გაიხრწნას; ხოლო მათ შორის მდებარე სამოთხის ბაღი - ეს არის გნოსტიკური ჭეშმარიტების ადგილი, აღდგომის ველი, რომელშიც განდობილი ადამიანი აღსდგება იმ ახალი სიცოცხლისათვის, რომელიც არ ექვემდებარება კვდომის და ხრწნის პროცესს.
ეს განმარტება ფილოსოფია/მეტაფიზიკას ათავსებს ინიციაციის აუცილებელ საფეხურზე და ეტაპზე, რაც სრულიად უნიკალურია ისლამისთვის, და რაშიც მდგომარეობს შიიტურ-ისმაილიტური სუფიური გნოზისის არსი.
და რაც შეეხება ამ გნოზისს, მისი ყველაზე საინტერესო და უდაოდ შეუდარებელი მარგალიტი არის სუფიური იდუმალთმეტყველების ის ასპექტი, რომელიც იშრაყის პრაქტიკებზეა დაყრდნობილი.
„იშრაყი“, რომელსაც ხშირად არაბულიდან თარგმნიან როგორც ნათებას, ან ილუმინაციას - ამ სიტყვის არსს უფრო ზუსტად რომ ჩავწვდეთ - ეს არის როგორც მზის მოძრაობა, როდესაც ეს მნათობი ამოდის და სხივებს აფენს დედამიწას და სინათლე ეპარება სიბნელეს. ეს მეთოდი, ეს ხაზი, ეს მემკვიდრეობა მოდის ე.წ. წამებული შეიხის, ალ შაჰიდ (წამებული) იაჰია ას-სუჰრავარდისგან.
მე-12 საუკუნეში, ეს უდიდესი გნოსტიკოსი, იმ დროს არაბულ სამყაროში გაბატონებული და პოპულარული არისტოტელური ფილოსოფიის სრული რევიზიისა და გადააზრებიდან და შემდეგ კი უარყოფიდან(მისი როგორც სამეცნიერო, ლოგიკური მიზეზ შედეგობრივი კვლევების ინსტრუმენტების უარყოფის გზით), მივიდა იმ დასკვნამდე , რომ ადამიანის ყურადღების და აღქმის დონე დაბურულია, და ამის გადალახვის ერთადერთი გზა - ეს არის „იშრაყის“ აქტის უშუალო განხორციელება და მასში ჩართვა, რაც, გავიმეორებ, არ არის ილუმინაცია, არამედ გნოზისის უშუალო აქტი, ფილოსოფიური- გნოსტიკური წვდომით, რომელიც დაკავშირებულია სურათ-ხატთან, (არაბულად -AL SURA, და აქედან უკვე შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რატომ ქვია ყურანის თავებს -სურა) რომელიც მოდის ჩვენი აღქმის სფეროს ყურადღების ცენტრში, და რაც ამ სურათ -ხატის მიღმა დგას და მისი საფუძველია; და როგორც ვთქვით, ჩვენი აღქმის დონეები დაბურულია, ჩვენი ყურადღების შემკრები ძალოვანი კვანძი გაფანტულია და „დანაგვიანებულია“ ათასგვარი გარე გამაღიზიანებლებით, ყოვლად უსარგებლო თუ მავნე ინფორმაციებით, და მისი „წმენდა“ და დაცვა იგივე მარხვით, ეთიკური თუ პოზიტიური თვით-ეგზალტაციის, კუნდალინის გამოღვიძების თუ მიძინების მცდელობებით, ცნობილი სუფიების გამონათქვამების ფეისბუკზე პროკლამაციებით და სუფიური პოეზიით - აბსოლუტურად შეუძლებელია.
აი ამას მივყავართ სწორედ სუფიურ გნოზისთან და იდუმალთმეტყველებასთან, რომელიც ჩვენი თვალთახედვით, განსხვავდება სხვა შამანური-ეზოთერული პრაქტიკებისგან, რადგან ეს სუფიური ტექნიკები დაფუძნებულია ყურანზე, სუნაზე, ჰადისებზე, და გარდა ამისა,რაც ყველაზე მთავარი და უნიკალურია ამ შემთხვევაში - მჭიდრო კავშირშია ეზოთერული ცოდნის უძველეს ორალურ ტრადიციულ მემკვიდრეობით ხაზთან.
ყველა დროში, ყველა საზოგადოებაში, იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა ქონდათ მეტაფიზიკურ ცოდნასთან თუ გნოზისთან, ვიდრე იმ დროს კლერიკალებისა და საზოგადოების გაბატონებული რელიგია თუ მსოფლმხედველობა გახლდათ - ამ ადამიანებს ეს საზოგადოება და მისი მმართველი კლერიკალი/ქურუმები და და ხელისუფლება დევნიდა და ავიწროებდა. იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე სუჰრავარდისთან მიმართებაშიც - მაშინდელი ალეპოს ღთისმეტყველების დასმენის საფუძველზე ცნობილმა სალაჰ ად დინმა, რომელსაც უმრავლესობა ჩვენთაგანი „ზეციური სამეფოს“ ფილმის მიხედვით თუ იცნობს, სუჰრავარდი სიკვდილით დასაჯა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ალ შაჰიდს - წამებულს.
ლექციიდან „აზაზელი, როგორც ციკლური დროის მასტრუქტურირებელი ძალა“.
ავტორი: ჰანიფ ალ ჰალილი