ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲗᲛᲠᲘᲪᲮᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲬᲘᲡᲛᲖᲝᲛᲔᲚᲝᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲗᲛᲠᲘᲪᲮᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲬᲘᲡᲛᲖᲝᲛᲔᲚᲝᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ

ᲐᲛᲝᲜᲐᲠᲘᲓᲘ ᲬᲘᲒᲜᲘᲓᲐᲜ "ᲧᲐᲑᲣᲡ-ᲜᲐᲛᲔ", ᲙᲐᲠᲘ ᲝᲪᲓᲐᲛᲔᲗᲝᲗᲮᲛᲔᲢᲔ

თუ ვარსკვლავთმრიცხველი იქნები, ეცადე, მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი ზუსტ მეცნიერებას მოახმარო. მეცნიერება ვარსკვლავთმრიცხველობის კანონების შესახებ უდიდესი მეცნიერებაა. მისი კანონების მთლიანად და უშეცდომოდ შესწავლა შეუძლებელია, რადგან ისეთი ზუსტი არავინ იქნება, შეცდომა არ დაუშვას. ყოველ შემთხვევაში, ვარსკვლავთმრიცხველობის შედეგები წინასწარმეტყველებაში გამოგადგება, ისევე როგორც თაყვიმის შედგენისას, მისი სარგებლობა ვარსკვლავთმრიცხველობაში ჩანს. რადგან ვარსკვლავთმრიცხველი წინასწარმეტყველებას გვერდს ვერ აუვლის, ეცადე კარგად შეისწავლო მისი საფუძვლები და შეგეძლოს ტალიყის შედგენა, წინასწარმეტყველების საფუძველი მაშინ იქნება სწორი, როცა ცთომილთა თაყვიმი სწორად არის შედგენილი და ტალიყიც სწორია. თუ იგი ზედმიწევნით ზუსტი არ არის, მიახლოებითს ნუ დაენდობი, ჯერ გაანგარიშება და ცხრილი შეადგინე. თუ ისინი ერთმანეთს დაემთხვევა, მაშინ იქიდან გამომდინარე წინასწარმეტყველებაც სწორი იქნება.

დაბადებას და გარდაცვალებას ისე ნუ იწინასწარმეტყველებ, ვიდრე არ გაარკვევ ცთომილთა განლაგებას ტალიყს, მის დანაყოფს, ტალიყის მეუფეს, მთვარეს, მთვარის ზოდიაქოს ნიშანს, მთვარის ზოდიაქოს ნიშნის მეუფეს, ცთომილთა ხასიათს, თუ ისინი თითოეულ თანავარსკვლავედში როგორ იქნება განლაგებული, სიღარიბის სახლის მეუფეს; იმ ცთომილს, რომლისაგანაც მთვარემ პირი იბრუნა; იმ ცთომილს, რომლისკენაც მთვარე მიისწრაფვის; იმ ცთომილს, რომელიც ტალიყის დანაყოფზე მბრძანებლობს, იმ ცთომილის ადგილსამყოფელს, რომელიც ცთომილთა მოძრაობის დანაყოფზე მბრძანებლობს; იმ უძრავ ცთომილებს, რომელთაც ცთომილის სახლი მიუახლოვდება; ნათების და ბედნიერების დანაყოფს, ბოროტებისა და ზემოქმედების დანაყოფს, იმ აალებად დანაყოფს, რომელიც მზის ბადროშია ამოსვლისა და ჩასვლის ჟამს. ყოველივე ეს გაითვალისწინე, როცა თორმეტი ნიშნის ისარი, დანაყოფები, სამკუთხედის მეუფე, ზღვარი, აისი და დაისი, დანაშაულის სახლი, ბედნიერება და უბედურება, პერიგეა და აპოგეა გეცოდინება, მაშინ დაუკვირდი მთვარისა და ცთომილების განლაგებას, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, მნათობთა ფორმა, მათი შეერთება, დაახლოება და დაცილება, სხივისგან დაშორება, სიცარიელეში მოძრაობა, ადგილის დაკარგვა და შენარჩუნება, ველურობა, თანხმობა და უარი, ნისლეულის უკუგდება და მოახლოება, მბრძანებლისა და ნივთიერი სხეულის დაზუსტება, საჩუქრის მიცემა, სიცოცხლის გახანგრძლივება და შემოკლება, ცთომილთა ხუთგვარი მოძრაობა. როცა ყოველივე ამას გაარკვევ, მაშინ ილაპარაკე, თუ გსურს რომ შენი წინასწარმეტყველება გამართლდეს, საიმედო თაყვიმზე დაყრდნობით იწინასწარმეტყველე, ისე, რომ თაყვიმი ასტრონომიული ცხრილით იყოს შედგენილი, მისი ნიშნები ცნობილი, შუაგული გასინჯული, მისი გაანგარიშება კარგად მოფიქრებული.

ყოველივე ამასთან ერთად ერიდე შეცდომასა და დაუდევრობას, რათა მარცხი არ განიცადო. როცა ამისგან დაზღვეული იქნები, დარწმუნებული უნდა იყო, რაც ვიწინასწარმეტყველე, აღსრულდება-თქო. თუ რწმენა არ გექნება, არაფერი გამართლდება, როდესაც გარდაცვალების ტალიყის შესახებ გკითხავენ, რაც გინდა თქვი, რადგან შენი წინასწარმეტყველების უმეტესობა გამართლდება.

რაც შეეხება დაბადების ტალიყს, მე ჩემი მასწავლებლისაგან ასე მსმენია, რომ ადამიანის ჭეშმარიტი დაბადება დედის მუცლიდან შობა არ არის, ნამდვილი დაბადება განაყოფიერების ტალიყია ჩასახვის მომენტში, როცა მამაკაცის თესლი ქალის საშოში მოხვდება და განაყოფიერდება. ეს არის ნამდვილი ტალიყი. სიკეთე და ბოროტება, - ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული. იმ საათს, როდესაც პირმშო დედას გამოეყოფა, დიდი გარდატეხის ტალიყს უწოდებენ. იმ გარდატეხას, რომელიც წლიდან წლამდე ხდება, შუა გარდატეხას უწოდებენ. იმ გარდატეხას, რომელიც თვიდან თვემდე ხდება, მცირე გარდატეხას, ადამიანს ის გარდახდება, რაც ჩასახვის ტალიყში იყო, ამის დამმოწმებელი მოციქულის სიტყვებია, რომელმაც ბრძანა: „ნეტარ არს იგი, ვინც დედის მუცელში ნეტარია. ცოდვილ არს იგი, ვინც დედის მუცელში ცოდვილია“. წინასწარმეტყველის სიტყვებში იგივე აზრია, რაც მე ვთქვი. ჩასახვის ტალიყთან შენ არაფერი გესაქმება, რადგან ის შენისთანებისთვის არ შეუდგენიათ.

რასაც დიდი გარდატეხის ტალიყზე იტყვი, ძველი ოსტატების წესები დაიცავი. ყოველი წინასწარმეტყველების დროს ისე მოიქეცი, როგორც ზემოთ ვთქვი. თუ რაიმეს შეგეკითხებიან, ჯერ დროის ტალიყს შეხედე, შემდეგ მთვარეს და მთვარის ზოდიაქოს ნიშნის მეუფეს; იმ ცთომილს, რომლისკენაც მთვარე მიისწრაფვის, იმ ცთომილს, რომლისაგანაც მთვარემ პირი იბრუნა და იმ ცთომილს, რომელსაც ტალიყში ან სვეტში აღმოაჩენ. თუ სვეტში ერთზე მეტი ცთომილი იქნება, დაუკვირდი, რომელი ცთომილი მბრძანებლობს და რომელიც უფრო იხრება ბედნიერებისაკენ, იმ ცთომილზე ილაპარაკე, რათა მართალი გამოხვიდე.

რაც წინასწარმეტყველების წესებს შეეხება, ეს არის, რაც ვთქვი. ახლა, თუ მიწისმზომელი და მხაზველი იქნები, გაანგარიშებაში ძლიერი იყავი. ფრთხილად! ერთ საათსაც კი ნუ გააცდენ ისე, რომ ანგარიშში არ ივარჯიშო. მეცნიერება ანგარიშის შესახებ რთული მეცნიერებაა. თუ მიწის ზედაპირს აზომავ, ჯერ კუთხეები გამოთვალე. არატოლგვერდა სხეულებს ათვალწუნებით ნუ მოეკიდები და ნუ იტყვი, ამას საგულდაგულოდ გავზომავ და სხვას კი სახელდახელოდო, რადგან გაზომვასა და გაანგარიმებს შორის დიდი სხვაობაა. ეცადე კუთხეები კარგად განსაზღვრო. ჩემი ოსტატი მუდამ მეუბნებოდა: გამოთვლის დროს კუთხეები არ გამოგრჩესო, არის ბევრი მრავალწახნაგა სხეული, რომელსაც რკალის მსგავსი კუთხე აქვს. ანდა არის ბევრი მახვილი კუთხე, რომელიც ბლაგვი კუთხის მსგავსია, ისეთი ადგილებიც შეგვხვდება, რომელთა შორის. ბევრი სხვაობა იქნება.

თუ სხეული ძალიან რთული იქნება, სახელდახელოდ ნუ გაზომავ, არამედ სამკუთხედებად და ოთხკუთხედებად დაყავი. არ არსებობს ისეთი სხეული, რომელიც ამგვარად არ იყოფოდეს. შემდეგ თითოეული ცალ-ცალკე გაზომე, რათა გაანგარიშება ზუსტი გამოვიდეს. თუ მე ამაზედაც ასევე ვილაპარაკებ, ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ წიგნი თავის დანიშნულებას ასცდება, ამდენის თქმა კი აუცილებელი იყო, ვინაიდან ვარსკვლავთმრიცხველობაზე უკვე მქონდა ნათქვამი, მსურდა ამის შესახებაც ორიოდე სიტყვა მეთქვა, რათა ყოველ მეცნიერებას ნაზიარები იყო.

თუ ეს მეცნიერება შენი ხვედრი არ იქნება, მაშინ ვარსკვლავთმრიცხველობაც საპატიო მეცნიერებაა. მის შესწავლას შეეცადე, რადგან ის ძალზე მრავლისმომცველია, წინასწარმეტყველის წარმოგზავნილი სასწაულია. ამიტომ უეჭველია, რომ ვარსკვლავთმრიცხველობა წინასწარმეტყველური მეცნიერებაა, თუმცა ჩვენს დროში შარიათის კანონით აკრძალულია.

სპარსულიდან თარგმნა ამირან ლომთაძემ

Back to blog