ᲫᲕᲔᲚ ᲛᲘᲡᲐᲜᲗᲐ ᲢᲑᲔᲗᲘ
Share
როდესაც ამ მცირე შესავლის დაწერა გადავწყვიტე, ჩემს წინაშე ორი ამოცანა იდგა: ორიოდე სიტყვით, ძალიან ზედაპირული სახით მაინც გამეცნო მკითხველისათვის ეზოთერული და მეტაფიკური მხარის ერთ ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე უფრო მიჩუმათებული და გასაიდუმლოებული სფერო, რომლის შესახებაც ნარატივი შესაძლოა ყველა ტრადიციაში ასე თუ ისე არსებობს, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია მაინც სუფიზმის ეგვიპტური განშტოებების ტარიყებში (ანუ დახურულ ორდენებში) გადაეცემა თაობიდან თაობებს, შეიხიდან შეიხს და მიურიდს და არიფს (შეგირდს); მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ინფორმაცია იმდენადვე არ არის საზოგადო მსჯელობისა თუ განხილვის საგანი, იმდენად არ არის საჭირო არა-განდობილთა და პოპულარული ჟანრის ეზოთერული სალონებისთვის, რომ ამ თემაზე საუბრისას გარკვეული სიფრთხილე და თავშეკავებაა საჭირო, რადგან ძალიან ბევრისთვის ეს ერთი მხრივ - უსარგებლო, ხოლო მეორეს მხრივ მავნე და დამაზიანებელი ინფორმაციაა და შესაბამისად, მეც შევეცდები მხოლოდ იმის გადმოცემა შევძლო, რის საშუალებაც, უფლებაც და დაშვებაც მაქვს.
ჩვენ ყველანი, 21 საუკუნის, თუ 20-21-ეს მიჯნაზე მცხოვრებნი, ახალი ეპოქის ადამიანები ვართ. (სიტყვა „ადამიანი“-საც კი ვცდილობ აქ გარკვეული სიფრთხილით ვიხმარო, რადგან მსოფლიოში არსებული მკვდარი თუ ცოცხალი ენებიდან მხოლოდ და მხოლოდ ქართულმა ენამ შემოინახა ეს სიტყვა თავისი ნამდვილი, გენიალურად მარტივი, მაგრამ სასწაულებრივად ზუსტი მნიშვნელობით, როგორც ღმერთის პირველი შუამავლის, ადამის კულტურულ-ისტორიული შთამომავალთა აღმნიშვნელი). ეს ახალი ეპოქა, ისლამური მისტიციზმის მიხედვით, იწყება წინასწარმეტყველი აბრაამიდან, დაახლოებით 6 საუკუნის წინ, და მას შემდეგ მოდის უკვე სამი მონოთეისტური რელიგიის განვითარება, როგორც ამას დღეს ისტორიკოსები და თეოლოგები გვიმტკიცებენ. სინამდვილეში კი არ არსებობს არანაირი სამი რელიგია. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი - ეს არის სამი სხვადასხვა სახის, მაგრამ შინაარსითა და მთავარი მდგენელით ერთი და იგივე რელიგია, ოღონდ დროთა განმავლობაში მათ მიმდევართა და კლერიკალთა და ოფიციოზად ქცეულ რელიგიურ ინსტიტუტთა მიერ მიერ დამახინჯებული და სავალალოდ შინაარსგამოცლილი. ღმერთი სხვადასხვა ხალხებს აძლევს სხვადასხვა სახის, ამ ხალხთათვის ყველაზე უფრო შესაბამის და საკეთილდღეო „კანონს“ - შარიათს, იუდეველთ -მოსეს თორას, რომელსაც შემდგომ ებრაელები მიშნათი შეცვლიან, ქრისტიანებს - ღმერთის სიტყვას, „რუჰ ალლას“ - იესოს და სახარებას, რომელიც შემდგომ პავლე მოციქულის თუ იოანეს სახარების კვალდაკვალ სრულიად სხვა სახეს იღებს.....ოღონდ რწმენა - ის ერთადერთია, შემოქმედი ღმერთი - ერთია და განუყოფელი, და სხვანაირად შეუძლებელია იყოს და თუ რამე არის სხვანაირად, ეს მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებელი ვნებების, ემოციების, პოლიტიკური მიზნების, ფანტაზიების და გონების უშნო განაზრებების ნაყოფია. მაგრამ აქ ჩვენი მიზანი არ არის ამ „რელიგიათა“ შორის საუკუნოვანი გაჯიბრებისა თუ ბრძოლის ველის განვრცობა, პირიქით:
რადგან საკითხს განვიხილავთ ისლამური მისტიციზმისა და სუფიური გნოზისის მიხედვით, ჩვენ აქ ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს -ისლამი მის წინარე მოვლენილ ყველა „რელიგიას“, ყველა მის ფუძემდებელს, განიხილავს როგორც ერთი და იგივე ღმერთის წინასწარმეტყველს და შუამავალს. ისლამი თვლის, რომ პირველივე არსება, ადამი, ეს არის ღმერთის მიერ მოვლენილი პირველი წინასწარმეტყველი, და რაც მთავარია, წინასწარმეტყველთა დიადი და უწყვეტი ჯაჭვის ფუძემდებელი, და ეს ჯაჭვი მთავრდება მუჰამადით, რომელიც არის ბეჭედი ამ წინასწარმეტყველური ციკლისა და უკანასკნელი მოციქული ამ დედამიწაზე ჩვენს ციკლში.
ეს მცირე შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალ ეპოქაზე, სილამური მისტიციზმი და იდუმალთმეტყველება ამ ეპოქის დასაწყისს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის, ანუ იუდაურ/ქრისტიანული ტრადიციით, აბრაამის მოვლენას უკავშირებს. შემდეგ არიან ისმაილი, იაკუბი, მუსა (მოსე),ჰარუნი (აარონი) დაუდი (დავითი) სულეიმანი (სოლომონი) იუნუსი (იონა), იაჰია (იოანე) ისა (იესო), მუჰამედი.....
ჩვენ ვიცით ეს სახელები, ჩვენ წაგვიკითხავს ძველი აღთქმა და გვსმენია მათზე, მაგრამ გვსმენია იმ საღვთისმეტყველო ტრადიციებით გადმოცემული და ინტერპრეტირებული, როგორც ის იუდაურმა თუ ქრისტიანულმა და გინდაც ისლამურმა კანონიკურმა ღვისმეტყველებამ შემოინახა.ამ ეტაპზე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ სახელების მიღმა დგას უზარმაზრი შინაგანი სინათლის (ნურ) და ღმერთის მიერ მოვლენილი გამოცხადების (ვაჰი) მქონე ფიგურები, რომელთა წინაშე მთელი ჩვენი მიმდებარე ეპოქის ეგრეთ წოდებული მაგია, ოკულტიზმი და ეზოთერიზმი -ბავშვური, გულუბრყვილო და უგერგილო თამაშები და გართობაა, (თუ არა ტაკიმასხარობა), ჩვენდა სავალალოდ. ამ სახელების მიღმა ჩვენ საქმე გვაქვს იმ დონის ფიგურებთან, რომლებიც ძალას, ენერგიას, სიტყვას და ქმედების უნარს იღებდნენ უშუალოდ ამ სამყაროს შემოქმედის მწყალობელი ემანაციებით და სინათლით, და მათი განზრახვები, მათი უნარი გარემოს და სამყაროს შეცვლისა და ზემოქმედებისა ამ სამყაროზე იმდენადვე განსხვავდება ჩვენი უნარებისა თუ ძალისხმევისგან, რამდენადაც მზის ენერგია განსხვავდება ჩვენს სახლებში ანთებული ნათურების 220 ვოლტი ენერგიისგან. ჩვენი ეპოქის ბოლო საუკუნეების მეტაფიზიკური სფერო გაჟღენთილია შუასაუკუნეების „სოლომონის ტრადიციის“ გრიმუარების, პაპიუსების, კროულების, ვუდუს, რუნიკის, ლავეების, კასტანედების, შრი-მამების , რამა -ბაბუების და ბლავატსკაია-ბებიების თეოსოფიურ-შრიმად-ბჰაგავა-ტამტამებში და ზედ ეს ტორტი გაფორმებულია ფენ-შუის ტკბილეულითა და იოგა-მურაბებით, ან სხვა ათასგვარი სასარგებლო, უსარგებლო და ხშირად უფრო მავნე „გასაღებებით“ და კლავიკულებით, და ამ ყველაფერს ჩვენ ვუწოდებთ მაგიას, და ეზოთერიკას, არადა ეს მხოლოდ იმ ცოდნის, იმ სინათლის მეასედი აჩრდილებია, თავის მხრივ უამრავი მიმატებული და გადაკეთებულ-სახეცვლილი ანასხლეტებით, რომელიც ამ წინასწარმეტყველთა ჯაჭვის სრულ მფლობელობაში იყო ღმერთის დაშვებით მთელი თავისი სიდიადითა და დიდებულებით. ამას უკვე არაფერი ეშველება, და ეს ასეც უნდა იყოს - პოპულისტურ-საზოგადოებრივ გასართობად ქცეულ „ცოდნის“ გავრცელებას ციკლის დასასრულის ჟამს, თავისი შინაგანი სტრუქტურა და მექანიზმები და ინტენციონალური მიმართულებები აქვს და ამ სტატიის საკითხების ინტერესებში არ შედის.
ჩვენ ინტერესი მდებარეობს სხვა სფეროში - აი ამ ეპოქის უდიდეს იდუმალთმეტყველთა და ღვთის მაცნეთა -რომელთა მხოლოდ რამოდენიმე სახელებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ -მათ მიღმა და უწინარეს -ვინ იყვნენ და რანი იყვნენ და რასთან გვაქვს საქმე?
და აი აქ მივდივართ ჩვენი სტატიის მთავარ თემასთან, რომელსაც სუფიური გნოზისის ნარატივი „ძველ მისანთა ტბად“ მოიხსენიებს.
ამას ვერ დავარქმევ ვერც ეგრეგორს, ვერც საინფორმაციო ველს, ვერც ენერგეტიკულ კვანძს, შევეცდები ცოტა ლირიული გადახვევით, პარაბოლით ან უხეში შედარებებით აგიხნსათ:
წარმოიდგინეთ ოკეანე, წყლის უაზარმაზარი მასა, თავისი დინებებით, რომლებიც ყველა არსებულ მდინარეზე უფრო მძლავრია, თავისი მღვიმეებით და კრატერებით და ღრმულებით, რომლის მსგავსიც ხმელეთზე არაფერი გვაქვს მოცემული, თავისი მეტეოროლოგიური პირობებით, პარადოქსალური და ამოუხსნელი მოვლენებით, „მოხეტიალე 30 მეტრიანი ტალღებით“ და ასე შემდეგ -ანუ ყოველივე ის, რაც გვინახავს გვსმენია და რის შესახებაც ინფორმაცია ასე თუ ისე არსებობს, და გავაკეთოთ დაშვება, რომ ეს ოკეანე არის კიდეც ჩვენი თანამედროვე ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ნაწილადაც მოვიაზრებთ თავს. რაღაც ადგილები ამ ოკეანისა მუდმივი ბურუსითაა ჩვენთვის მოცული, რაღაც ნაწილი საერთოდ უცნობია და მხოლოდ მითებისა და თქმულებების წიაღ გვაქვს მოცემული, რაღაც არსებები, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ამ ოკეანის სიღრმეებში არსებობენ და ისე შეიძლება ეს ეპოქა დასრულდეს, რომ ვერც ვერასდროს ვერ გავიგოთ და შევიტყოთ მათი ნამდვილი არსის შესახებ, მაგრამ მთავარი რისი თქმაც მინდა აქ, ის არის, რომ ეს გაურკვევლობაც, ეს „არცოდნაც“ ასე თუ ისე იმ ცოდნის ნაწილია, რაც ჩვენ ამ ეპოქის შესახებ გაგვაჩნია და ასე თუ ისე, ვახერხებთ საკუთარი მენტალური სიჯანსაღის შენარჩუნებას ამ ცოდნა-არცოდნის ზღვარზე.
და აი ახლა ამ ზღვარზე ვაკეთებთ კიდევ უფრო შორს მიმავალ ნაბიჯს და შევეცადოთ წარმოვიდგინოთ წყლის ამ უზარმაზარ, ყოვლისმომცველ ოკეანეში არსებული სრულიად სხვა კონსისტენციის, სხვა ელემენტებისგან შემდგარი მასა, დაახლოებით ტბის მსგავსი და მაგვარი, ოღონდ რომელიც არ ერევა, რომლის „წყალიც“ არ შედის ოკეანის მლაშე წყალთან ურთიერთქმედებში; ეს მტუტე, მძიმე წყალი -(უბრალოდ სხვა ტერმინი აქ არ მაფიქრდება) არ არის არც ამ ოკეანის სათავე, არც ამ ოკეანის ნაწილი, და არც მისი განაპირა წყლები -პარადოქსალური აპორიის შინაგანი, ამოუხსნელი ლოგიკით ამავე დროს ის ამ ოკეანეშია და ეს ოკეანე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ეს ტბა, ისევე როგორც დედამიწა არსებობს და მოძრაობს მზის გარშემო გრავიტაციული მიზიდულობის წყალობით. ეს ტბა - ჩვენთვის ამოუხსნელი, გაუგებარი და მიუწვდომელი ცოდნის, მატერიის და ველისგან შემდგარი - ეს ტბაც არის შემოქმედის პირველადი სინათლის რომელიღაც-ჯერადი ჩრდილი, მაგრამ ყველაზე უფრო ახლოს მდგომი იმ სინათლესთან, თუკი საერთოდ რამ გვსმენია და ვიცით ამ სამყაროს შექმნის შესახებ; ეს არის ის "შავი ხვრელი", რომელიც შთანთქავს ყველაფერს, რაც მასთან ახლო ინტერაქციაში მოდის, მაგრამ განსხვავებით კოსმიური შავი ხვრელებისგან, ამავე დროს ის წარმოშობს კიდეც ციკლური დროის სწორხაზოვანი დინების ნაკადს; ის არსებობს ზამანის (ჩვენი, სწორხაზოვანი, წარსული-აწმყო-მომავალის) დროის მიღმა და ამავე დროს თავად - დაჰრის (ღვთიური, მარადიული, ერთ წამში მოქცეული წარსული-აწმყო-მომავლის) დროის წარმოშობის სათავესთან დგას და ჩართულია მასში, ოღონდ ჩვენთვის მიუღწევადი და ამოუხსნელი ტოპოსის სტრუქტურით; და აქ, ამ ერთი შეხედვით მდორე, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე უფრო ცოცხალი და მოძრავი წყლებიდან, რომელსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს არც აკაშასთან, არც არქეტიპების საინფორმაციო ველთან, აი ამ წყლებიდან ჩვენ მოცემული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ წვეთები, ისიც მისი გარემომცველი ოკეანის მლაშე წყლებში შემთხვევით გამოღწეული, და ამ წვეთების წყალობით ჩვენ ვიცით მხოლოდ რამოდენიმე სახელი, რამოდენიმე კონცეპტი, რომელსაც შემდეგ ჩვენი ციკლისა და ეპოქის მოსარგებ სიტყვებში და კონტრუქტებში ვათავსებთ და ამის გამოისობით მნიშვნელსაც ვუკარგავთ ხშირად და აზრსაც. ჩვენ შეგვიძლია ეს ადგილი ვეძებოთ როგორც კაბალის ხის ნახაზებზე, დანტეს ჯოჯოხეთის სტრუქტურაში, გნოსტიკოსების 7 ცასა და ვასილიდის კოსმოგონიაში, ისე ჟიულ ვერნის, ჰარი პოტერის სათავგადასავლო რომანებშიც და ლავკრაფტის თუ სტანისლავ ლემის თხზულებებში და მინდა გითხრათ რომ შედეგი ერთი და იგივე გვექნება - ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ფანტაზიების , ანუ პირველადი ჩრდილოვანი წრის - პროეცირებული სამყარო, და არა ის, რაზეც ვსაუბრობთ ახლა.
იქ კი , ამ ტბეთში, რომელსაც სუფი მისტიკოსები „უწინარეს მისანთა ტბას“ უწოდებენ, ჩვენი ფანტაზიისა და ემოციებისგან სრულიად დამოუკიდებელი მოვლენები ხდება; იქ „ცოცხლობს“ და მოქმედებს ძალა, ენერგია, რომელიც ამავე დროს მატერიალურიცაა და თან არამატერიალური მდგენელისგან შედგება; იქ საინფორმაციო ველი ემთხვევა ამ „ინფორმაციის“ წყაროს, და თანაიგივეობს მოვლენა და ცოდნა ამ მოვლენის შესახებ; იქ შესაძლებელია მიღწევა გარკვეული პრაქტიკებით, მათ შორის ე.წ. „ოთხი მოგზაურობის“ საშუალებით, მაგრამ იქ მიღწეულთა შორის უკან მობრუნებულებს ხშირად შეხვდებით აღმოსავლეთის ქვეყნებში, "მაჯჰზუბს" რომ უწოდებენ - აი ის ადამიანები, უმისამართოდ და უსაგნოდ რომ საუბრობენ სულ და ვერ ჩერდებიან და უცნაური მიმიკებითა და მოძრაობებით გამოირჩევიან, მაგრამ ეს კიდევ უფრო სხვა მოვლენაა ვიდრე შიზოფრენია, რადგან შიზოფრენიის შემთხვევაში არანაირი გამიზნული მოგზაურობა არ ხდება, პირიქით, ადამიანის ფსიქიკას სრულიად სხვა ძალები ეუფლებიან, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ძველ მისანთა ტბასთან; მაგრამ ის, ვინც იქიდან მობრუნებულა და იმდენი ძალა, ინტელექტი და ყურადღების კვანძის დამაბალანსებელი უნარი ეყო, რომ ამ მოგზაურობას „სრულ ჭკუაზე“ გამოსცდენოდა და იქიდან ცოდნის რაღაც ელემენტები წამოეღო - ისინი არასდროს არ დაიწყებენ ამით ტრაბახს, თავმოწონებას, წიგნების წერას და კონფერენციებზე სიარულს. ეს ადამიანები ცდილობენ ამ ცოდნის ის ნაწილი მაინც გაუზიარონ სხვებს, რომელიც ამ სხვათა ფსიქიკისათვის მავნებელი და სახიფათო არ არის,
რადგან იქ, იმ „უცხოსთან“, იმ " თაურ-სიტყვასთან" შეხება, ადამიანის, როგორც „უფსკრულთა უფსკრულის“ -ბარზახის, ანუ ორი ურთიერთდაპირისპირებული „მატერიის: -სხეულისა და სულის მატარებელი არსებისათვის - იმ „უცხოსგან“ მომდინარე ფლუიდები და ელემენტები, თუ ეს ადამიანი მომზადებული და ფსიქიკურად მდგრადი არ არის - სრულიად დამანგრეველი და მავნეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის არამიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, უნებლიედ მოდის შეხებაში იმ ადგილის გამოსხივებებთან....
ამის ერთ ერთი ცხადლივი მაგალითი კი, გინდ დაიჯერეთ და გინდა არა, იგივე ყველასთვის კარგად ცნობილი და პოპ-კულტურის მიერ ათასნაირად გადაღეჭილი ჰოვარდ ლავკრაფტის მაგალითიც კმარა, რომელსაც არც ძველ მისანთა ტბის, არც ზულ კარნაინის, არც ა-ლოგოსის, არც ალ ხიდრის შესახებ სმენია არაფერი, მაგრამ როგორც ძველი სუფიური გამოთქმა ამბობს, „ვინც გემო გაუსინჯა -იმან იცის...“.
ლავკრაფტს კი ეს გემოს გასინჯვა ძვირად დაუჯდა, ისევე როგორც ბევრს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყურანი რამოდენიმე სურაში და აიებში გვესაუბრება ამ ტბეთზე ისე, რომ მოუმზადებელი ადამიანის გონება და სული არ დააზიანოს, ამიტომ ეს ნარატივი ერთი მხრივ ღიაა ყველასთვის და მეორე მხრივ -შენიღბული და მტკიცედ დაცული; ერთი შეხედვით სავსებით რეალური და ფიზიკური მოვლენების მიღმა, ამ ფიზიკურზე და რეალურზე უფრო ცხადი სულიერი და მისტიური მოვლენები ღაღადყოფენ მსმენელის და წამკითხველის მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი შრე აქვს და ყველა შრეს -თავისი მცველი, და ყველას იმდენი ეძლევა და მიეცემა, რამდენის მიღებისთვისაც იღწვის და მუშაობს საკუთარ თავზე, ოღონდ შუამავლად ღვთის სინათლეს, სამართალს, და წყალობას მინდობია უკანმოუხედვად და არა თავისი ეგოს, ვნებებს, ფანტაზმებს და ემოციებს, რომლებიც ისეთივე დამღუპველი ტვირთია ამ ოკეანეში მდებარე ტბასთან მიახლოებისას, როგორც წყალში გადაგდებული, ხელფეხშეკრული ადამიანის კისერზე გამობმული ლოდი.
ლექციიდან „უმ’მა ჰეკა და ბნელი სამკაპა ძალოვანი კვანძი“
ავტორი: ჰანიფ ალ ჰალილი