ᲡᲢᲐᲜᲘᲡᲚᲐᲡ ᲓᲔ ᲒᲣᲐᲘᲢᲐ
Share
სტანისლას დე გუაიტა დაიბადა 1861 წლის 6 აპრილს, ტარკემპოლში, მოზელში. ის იყო „ტულუზის როზენკრეიცერების ორდენის“ წევრი და „ვარდისა და ჯვრის კაბალისტების ორდენის“ თანადამფუძნებელი.
მარტინისტული ორდენის აქტიურმა და გამოჩენილმა ფიგურამ დე გუაიტამ ორდენის იდეოლოგიასა და სწავლებებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ის დიდი პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობდა თანამედროვეებში. იგი ბრწყინვალედ ერკვეოდა ოკულტურ მეცნიერებებში და ხშირად ერთვებოდა პოლემიკურ დებატებში სხვა პრაქტიკოსებთან. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მაგია და ოკულტიზმი მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
სტანისლას დე გუაიტა წარმოშობით იტალიელი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. როგორც არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი, ის „მარკიზ“-ის ტიტულს ატარებდა. მოზელის რეგიონში, ტარკემპოლის კომუნაში, ალტევილის შატოში დაბადებულმა დე გუაიტამ ნანსის ლიცეუმში ქიმია, მეტაფიზიკა და კაბალა შეისწავლა.
ახალგაზრდობაში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და მისი მდიდრული აპარტამენტები პოეტების, მხატვრებისა და მწერლების შეხვედრების ადგილად იქცა, რომლებიც ეზოთერიზმისა და მისტიციზმის განხილვით იყვნენ დაინტერესებულნი. 1880 წელს დე გუაიტამ გამოაქვეყნა პოეზიის ორი კრებული, „ბნელი მუზა“ (1883) და „მისტიკური ვარდი“ (1885), რომლებმაც დიდი წარმატება მოიპოვა.
1883 წელს კატულუს მენდესმა დე გუაიტას ელიფას ლევის წიგნი „ტრანსცედენტული მაგიის დოქტრინა და რიტუალი“ გადასცა. წიგნმა მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა და მისი უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. დე გუაიტას ოკულტური შეხედულებები ძირითადად აბატ ალფონს ლუი კონსტანის (ელიფას ლევი) და მსგავსი შეხედულებების მქონე ავტორების - მარკიზ სენ-ივ დ’ალვეიდრეს და ფაბრ დ’ოლივეს ნაშრომებით ჩამოყალიბდა.
ჟოზეფ პელადანის რომანის წაკითხვის შემდეგ კი, რომელიც როზენკრეიცერიზმის თემებს ეხებოდა, დე გუაიტამ საბოლოოდ გადაწყვიტა თავი მთლიანად ოკულტური საქმიანობისთვის მიეძღვნა, მან პოეზიაზეც კი უარი თქვა.
1884 წელს დე გუაიტა და პელადანი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს და ვარდის და ჯვრის საძმოს აღდგენა სცადეს, რომელიც იდუმალი „ტულუზის როზენკრეიცერების ორდენის“ მემკვიდრეობის საფუძველზე იყო დაფუძნებული. ვარდის და ჯვრის ორდენი, მისი ხელმძღვანელის, ვიკონტ დე ლაპასის თქმით, ზუსტად ის ლეგენდარული და საიდუმლო ორდენი იყო, რომლის პირველი დოკუმენტიც 1600-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. საიდუმლო საზოგადოების მკვლევარი ჯონ მაიკლ გრირიც ასევე თვლის და ამტკიცებს, რომ ვარდის და ჯვრის კაბალისტური ორდენი, „როზენკრეიცერების ტულუზის ორდენის“ ჩათვლით, უფრო ძველი წარმომავლობის იყო, ვიდრე შუა საუკუნეების გერმანიის პირველ როზენკრეიცერების საძმოები, თუმცა, ორდენის უწყვეტობა მხოლოდ მე-18 საუკუნემდეა დოკუმენტირებული. ორდენის წევრებმა ჟოზეფინ პელადანმა და მისმა უფროსმა ძმამ, ადრიანმა, დე გუაიტა ორდენის ხელმძღვანელს, ფერმინ ბუასენს (მისტიკური ფსევდონიმი საიმონ ბრუგალი“) წარუდგინეს, რომელმაც ის მიიღო. მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1888 წელს მათ ტულუზის ორდენი „ვარდისა და ჯვრის კაბალისტურ ორდენად“ გარდაქმნეს. ასევე, ორდენის რეფორმაციისა და აღდგენისთანავე, ორდენში მიიღეს ჟერარ ანკუსი - ფსევდონიმით „პაპიუსი“, ფრანგი ოკულტისტი და მაგიის, კაბალასა და ტაროს შესახებ წიგნების ავტორი.
სტანისლას დე გუაიტას როზენკრეიცერების ორდენი მისტიციზმის ეზოთერულ მხარეს - კაბალას ასწავლიდა, მიზნად კი ბიბლიასა და ღვთაებრივ არსში წვდომას და ფარული მისტიკური უნარის გამოვლენას ისახავდა. ორდენი გამოცდებს და კაბალას ცოდნის შესაბამის უნივერსიტეტის ხარისხებს გასცემდა. ორდენი, იმ პერიოდის საიდუმლო მაგიური საზოგადოებების უმეტესობისგან სწორედ ამით განსხვავდებოდა, დანარჩენები ფრანკმასონურ ხარისხს მოდელად იყენებდნენ და მომდევნო ხარისხებზე გადასვლისთვის არც ნასწავლ ცოდნას ამოწმებდნენ და არც დამატებით გაკვეთილებს ატარებდნენ. დე გუაიტას მისი თანამედროვეები „როზენკრეიცერების პრინცს“ უწოდებდნენ, რადგან ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა როზენკროიცერების შესწავლას.
1889–1891 წლებში პაპიუსმა შეკრიბა „მარტინისტული ორდენის უზენაესი საბჭო“, რომელიც არსებითად „ვარდის და ჯვრის კაბალისტური ორდენის“ წევრებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ თავად მარტინისტული ორდენი მისთვის ერთგვარ „გარე ფასადად“ იქცა. სტანისლას დე გუაიტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მარტინისტულ ორდენში მიღების პროცესს, ადგენდა მის სასწავლო მასალებს და განდობილობის სიტყვას, რომელიც რომელიმე ხარისხში ამაღლებისას წარმოითქმებოდა.
სტანისლას დე გუაიტას განდობილობის ტრადიციის ერთიანობისა და სიძველის სწამდა, თვლიდა, რომ მისი ფუნდამენტური საიდუმლოებები, რომლებსაც ის „არკანებს“ უწოდებდა, უძველეს მისტერიებში წარმოიშვა. გუაიტას შეხედულებებისა და სწავლებების თანახმად, ტრადიციის განდობილობის ჯაჭვი ძველი შუმერიდან და ბაბილონიდან იწყებოდა, ელინისტებით, ესენელებით, ტამპლიერებითა და როზენკრეიცერებით გრძელდებოდა და უკანასკნელი განდობილებით სრულდებოდა.
თუმცა, ის ასევე დარწმუნებული იყო, რომ განდობილობის ტრადიციის უდიდესი სიბრძნე ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიების სამღვდელო და ეპისკოპალურ გარემოშიც შემორჩა. თავის ნაშრომებში გუაიტა არაერთხელ მოიხსენიებს ქრისტიანულ რელიგიას ზოგადად, კერძოდ კი კათოლიციზმს, როგორც მისტიციზმის უკიდურესად ამაღლებულ სკოლას, თუმცა აღიარებს, რომ ეკლესიამ ვერ შეძლო სამღვდელო ეზოთერიზმის შენარჩუნება, ეკლესიამ მას მაგია უწოდა და დაგმო. გუაიტა თავს ქრისტიანად თვლიდა და ქრისტეს პიროვნება მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ის წერდა: „იესო ქრისტე კაცობრიობის მზეა; მის სახარებაში ჩვენ მარადიული სიცოცხლის კანონი უნდა ვეძებოთ; მისი სული მთლიანად სახარებაშია ჩაქსოვილი. მაგრამ სახარება თავად გვაფრთხილებს იმ ფარდის შესახებ, რომელიც უნდა ავხადოთ, თუ გვსურს, რომ მინერვა თავისი გაშიშვლებული უბიწოებით და სიბრძნით გაგვეხსნას: ასონიშნებზე ორიენტირება კლავს და მხოლოდ სული იძლევა სიცოცხლეს“.
გუაიტა განსაკუთრებით პატივს სცემდა თეურგ მარტინეს დე პასკუალეს, მის სტუდენტ ლუი-კლოდ დე სენ-მარტენს და რენესანსის ისეთ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ჰაინრიხ ხუნრათი, ქრისტიან კნორი ფონ როზენროთი, ემანუელ სვედენბორგი და იაკობ ბიომე. თუმცა, მან მთელი რიგი კვლევების შემდეგ, მაგიისა და ჯადოქრობის შესახებ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი აბატ ალფონს ლუი კონსტანტის (ელიფას ლევი) წიგნებიდან მიიღო. ელიფას ლევი მისთვის უდიდესი ავტორიტეტი იყო მაგიის საკითხებში. მაგიასა და ჯადოქრობის ურთიერთშეპირისპირებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუაიტას შემოქმედებაში, მსოფლმხედველობასა და ფილოსოფიაში. სტანისლას დე გუაიტასთვის მაგია ღვთაებრივი მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ხელში ღვთის ნების აღსრულების ინსტრუმენტი უნდა იყოს. დე გუაიტას თქმით, ჯადოქრობა არის „ბუნების ძალების ბოროტი გამოყენება“. მან ეს გამონათქვამი ელიფას ლევისგან ისესხა. ჯადოქრობის მიზანი, მისი აზრით, ეგოისტური და სასტიკი ვნებების დაკმაყოფილებაა;
ჯადოქარი დანაშაულს ღვთის, საკუთარი თავის და მოყვასის წინაშე სჩადის. მისი აზრით, ჭეშმარიტი „მსუბუქი მაგია“ ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ღმერთსა და მოყვასს. სტანისლას დე გუაიტა ოცდაათი წლის იყო, როდესაც გამოიცა მისი წიგნი - „სატანის ტაძარი“, მისი ტრილოგიის „დაბადების გველის“ პირველი ტომი. ეს ტრილოგია მისი მთელი ცხოვრების ფუნდამენტური ნაშრომია და ყველაზე ზუსტად აღწერს მის მსოფლმხედველობას და შეხედულებებს, ნაშრომში კარგად ვლინდება ოკულტიზმის შესახებ მისი სიღმისეული ცოდნაც.
ამ წიგნებში ის აკრიტიკებს ადამიანის მსხვერპლშეწირვის შემცველ ანტიკურ უწმინდურ რიტუალებს და თანამედროვე სპირიტისტებისა და მედიუმების ამ რიტუალებით გატაცებას, რომლებიც, მისი აზრით, თავიანთ სხეულებსა და სულებს დემონებსა და „ასტრალურ ლარვებს“ სწირავდნენ - ასე ეწოდებათ ოკულტიზმში ქაოტური ადამიანური სურვილებისა და ცუდი ჩვევების შედეგად წარმოქმნილ ვამპირულ არსებებს. ამ წიგნში დე გუაიტა ჯადოქრების რიგს მიაწერს და გმობს ადრეული ქრისტიანული ეპოქის ერესიარქისტებს - მარკიონს, არიუსს, ბასილიდეს და მანს. ის მარშალ ჟილ დე რეისსაც შავ ჯადოქრად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ შეაჩვენა ჟაკ დე მოლე, თავის ნაშრომებში გუაიტა მას ნამდვილ განდობილად აცხადებს. სინათლის ადეპტებად ის ასევე მიიჩნევს: ბერ ბასილ ვალენტინს, კაბალისტ სედეკას, ალბერტუს მაგნუსს, რაიმონდ ლიულის, ბერნარდ ტრევიზანელის, ნიკოლას ფლამელს, ჰენრი კორნელიუს აგრიპას, აბატ ტრითემიუსს, გიიომ პოსტელს, მარტინეს დე პასკუალეს და სენ-მარტენს. იმავე ტრილოგიაში ის აკრიტიკებს ფრანკმასონობას და მას „უძველესი ტრადიციაზე ცუდად დამყნობილ, გზას აცდენილ შტოს უწოდებს, რომელმაც მისი ყველაზე უმნიშვნელო საიდუმლოებებიც კი არ იცის. პატივცემული და დიდი რუდუნებით ფორმალიზმით გადაცემული უძველესი სიმბოლოები ფრანკმასონობაში მკვდარ ასოებად იქცნენ, ენად, რომლის ანბანიც მასონობამ იმდენად დაკარგა, რომ მისმა მიმდევრებმა აღარ იციან საიდან მოდიან ან სად მიდიან“.
1880-იანი წლების ბოლოს, განკვეთილმა კათოლიკე მღვდელმა და „კარმელის ეკლესიის“ სახელით ცნობილი სქიზმატური შტოს ხელმძღვანელმა აბატმა ჟოზეფ-ანტუან ბულანმა დაიწყო „მაგიური ომი“ დე გუაიტას წინააღმდეგ. ფრანგმა მწერალმა ჟორის-კარლ ჰიუსმანსმა, რომელიც მხარს უჭერდა ბულანს, დე გუაიტა კანონიკა დოკრეს პროტოტიპად გამოიყვანა თავის რომანში „იქ, დაბლა“. ბულანის კიდევ ერთმა თანამოაზრემ, მწერალმა ჟიულ ბუამ, დე გუაიტა დუელში გამოიწვია. ბრძოლის იარაღად პისტოლეტები იყო არჩეული. ორივე დუელიანტმა ააცილა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დე გუაიტას ტყვია პისტოლეტის ლულაში იყო გაჭედილი; ჟიულ ბუამ მოგვიანებით ეს მოვლენა „მაგიურ ზემოქმედებას“ მიაწერა. 1890 წლისთვის სტრატეგიასა და დოქტრინასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დე გუაიტას, პაპიუსსა და პელადანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გუაიტამ და პაპიუსმა დაკარგეს პელადანის მხარდაჭერა, რომელმაც ორდენი დატოვა რელიგიური კუთხით უფრო კათოლიკური ორდენის დასაარსებლად.
ტრილოგია, უფრო სწორად, მისი მესამე ტომი, დაუმთავრებელი დარჩა, რადგან სტანისლას დე გუაიტა მის დასრულებამდე გარდაიცვალა.
სიცოცხლის ბოლო წლებში დე გუაიტას ისედაც მძიმე ჯანმრთელობა, უფრო გაუარესდა და 1897 წლის 19 დეკემბერს, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტის ბიოგრაფი, ანდრე ბიგლი, მის სიკვდილს დაავადება ურემიას მიაწერს, ამ დაავადებით გუაიტას გარდაცვალებას მისი ნათესავებიც ადასტურებდნენ.