„მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის“ — რეცენზია (ავტ. თ. თათარიშვილი)
Share
გამომცემლობა ,,ავგაროზმა’’ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა ფრანც ჰარტმანის ,,მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის’’. ავტორის გვარმა არ დაგვაბნიოს. ფილოსოფიის ისტორიამ იცის ორი დიდი ჰარტმანი, კერძოდ, ედუარდ ფონ ჰარტმანი და ნიკოლაი ჰარტმანი. რაც შეეხება ფრანც ჰარტმანს, იგი (1838-1912), იგი გახლდათ ცნობილი თეოსოფი, გეომანტი, მედიცინის დოქტორი, რომელიც საკმაოდ განსწავლული გახლდათ ძველი ეზოთერული სწავლებების კვლევაში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და არაერთი საინტერესო წიგნის ავტორია.
როზენკროიცერები (აგრეთვე ცნობილი როგორც „ვარდისა და ჯვრის საძმო“ ან „ვარდისა და ჯვრის ორდენი“), გვიანდელ შუა საუკუნეებში, რეფორმაციის შემდგომ მოღვაწეობდნენ. მათ ჰქონდათ პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უძველეს ალქიმიურ, ეზოთერულ და ჰერმენევტიკულ სიბრძნეს ფლობდნენ. ბევრი მკვლევარის ვარაუდით, მათმა მოძღვრებამ გავლენა იქონია შოტლანდიაში თავისუფალი მასონების განვითარებაზე.
ჰარტმანის წიგნი ალუზიურ პრინცეპებზეა აგებული. პავლე მოციქულის სიტყვები კორინთელთა მიმართ II ეპისტოლეში თქმული: ,,ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს’’ (12. 2-4), და რომელიც დამოწმებულია თხრობის ბოლოს, მთელი ტექსტის იდუმალ აზრს მოიცავს. გავიხსენოთ სწავლება ინდური მაიას შესახებ, რომელიც გრძნეული, მაცდუნებელი სიზმარია მატერიაზე გადმოღვრილი, და რომელიც მატერიალურ სამყაროს რეალობად აღგვაქმევინებს, თუმცა კი ის არ არსებობს.
პროტაგონისტს ებადება ფილოსოფიური კითხვები, ყველა ეპოქის ადამიანის, ყველა რელიგიის და დოქტრინის მიერ ცხოვრების საზრისად მიჩნეულნი და მათზე პასუხებს ისმენს ადეპტისგან, ალპებში მდებარე სამონასტრო სივრცეში, სადაც როზენკროიცერები მოღვაწეობენ. ეს ის ხანაა, როდესაც მეცნიერებამ, კერძოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა არნახულ განვითარებას მიაღწიეს, განმანათლეობლობამ საბოლოოდ შეცვალა ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე და ამავდროულად, არც რელიგია არ აპირებდა იმ კვარცხლბეკის მიტოვებას, რომელსაც სულიერი იმპულსების მმართველობაზე ჰქონდა მუდმივი პრეტენზია.
როზენკრეიცერთა წიაღში მთხრობელი ეცნობა ბევრ საინტერესო სწავლებას, და საკუთარი თვალებით ნახულობს ალქიმიურ საიდუმლოებებს. ეს პასუხები საკმაოდ მკაფიო, ცხადი მსჯელობებით გამოირჩევიან. მინიშნებაა ელინისტური ხანის ჰერმეტიკულ ტექსტებზე, ბუდიზმის პრინციპებზე, ასკეტურ-მისტიკურ იდეალებზე და სხვა სულიერ პლასტებზე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ადამიანის შესახებ ტრადიციული წარმოდგენების მიღმა არსებობს სხვა უფრო სიღრმისეული თეორიები.
,,ადეპტმა საუბარი შეწყვიტა, მე კი, გონებაში ათასი კითხვა მიტრიალებდა, რომელზედაც პასუხი არ მქონდა: რა არის ბუნება და რა არის ადამიანი? რატომ ვარ ამ სამყაროში? ვარსებობდი თუ არა, აქამდე, ხოლო, თუ ვარსებობდი, მაშინ საიდან მოვედი? რა არის ჩემი არსებობის მიზანი და როგორ დასრულდება იგი?
ადეპტმა ისევ წაიკითხა ჩემი აზრები და მიპასუხა:’’
სწორედ ეს პასუხები წარმოაჩენს წიგნის მთავარ სათქმელს. მათგან საცნაურდება უხსოვარი გნოსტიკური თეზა, რომლის თანახმადაც, ადამიანის სული მატერიაშია მოხვედრილი და მასში დევს ღვთაებრივი ნაპერწკლის კოდი. ეს პლატონური იდეა საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი. გამოთქმულია მოსაზრება რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული მონასტრები დაშორდნენ თავიანთ დანიშნულებას და ფუფუნების მორევში გადაეშვნენ. ადეპტი მსჯელობს სულიერი ღირებულებების მისტიკურ დანიშნულებაზე, თეოსოფიური აკადემიების აღორძინების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია რომ ფოლკლორული და მითოსური ქმნილებები წიგნში ალეგორიული დანიშნულებით გამოიყენება.
განსაკუთრებით მომეწონა მსჯელობა გონების შესაძლებლობებზე, რომელსაც ფიქრებით შეუძლია მიწვდეს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებს, ,,გონება ყველა საგანს ეხება, რაც არ უნდა შორს იყოს იგი ფიზიკური სხეულისგან. ამიტომ, ადამიანის გონება − და არა ტვინი − შთაბეჭდილებებს იღებს, ეს შთაბეჭდილებები კი ფიზიკურ ტვინში არსებულ ცნობიერებამდე მოდის, რომელიც ის ადგილია, სადაც გონებრივი შეტყობინებების მიღება ხდება’’.
ალქიმიური ლაბორატორიის საიდუმლოთა პანორამით ჩვენ კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ბუნების საიდუმლო ძალებს და ვრწმუნდებით ერთ რამეში. რაც უფრო ვითარდება ფიზიკა, ასტრონომია, ქიმია თუ ბიოლოგია, უფრო მეტად ვრწმუნდებით რომ მატერიაზე, ორგანულ თუ არაორგანულ სამყაროებზე წარმოდგენებისა და ცოდნის დიაპაზონი საკმაოდ მწირია. სამყარო, რომელიც მართლაც ,,უთვალავი ფერით გვაქვს’’, კიდევ ერთხელ მოწმობს ღვთაებრივი კრეაციის სიმდიდრეზე.
,,ვისშიც უკვე გაიღვიძა ღვთაებრივმა პრინციპმა, ვინც ერთხელ მაინც გამოსცადა შინაგანი ცხოვრება, ვინც საკუთარ სულში ცათა სასუფეველი მოიხილა, ვინც ფეხზე მტკიცედ დგას, მას აღარ სჭირდება გარე სამყაროს ქარიშხლების აღმზრდელობითი გავლენა, რათა წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო ძალა შეიძინოს. აღარც იმის სურვილი აქვს, ამქვეყნიურ სიამეებსა და გასართობს დაუბრუნდეს’’.
,,მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის’’ საუკეთესო გზამკვლევია მათთვის, რომელთაც კატეხიზატორული განმარტება ესაჭოროებათ ალქიმიურ და ეზოთერულ ცოდნაზე. იგი ერთგვარი ანბანია, რომელიც თავის მხრივ სხვა რეალურად გამოცემულ წიგნებზეც მიგვანიშნებს. ამის მაგალითად გამოდგება, ფრანც ბარდონის ,,ინიციაცია ჰერმეტიზმში’’ და 1788 წელს ჰამბურგში გამოცემული ,,მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეების როზენკროიცერთა საიდუმლო სიმბოლოები’’. ეს უკანასკნელი შესრულებული ყოფილა უხვი სიმბოლოებით. მისი ავტორი უცნობია. წიგნი გერმანულიდან ინგლისურზე თავად ფრანც ჰარტმანს უთარგმნია 1888 წელს.
თუკი ცივილიზაციის აღმავლობამდე, ადამიანები დიდხანს ცხოვრობდნენ, ხომ არ არის შესაძლებელი ვიფიქროთ, რომ ადამიანის კეთილდღეობის მიზეზი ისევ და ისევ სხვაგან დევს, და არა ფუფუნებაში? ეს ცნობილი აზრი სხვა მრავალ წიგნში შეგვხვდება, მაგრამ სხვაა მისი ტირაჟირება, და სხვაა, რამდენად ცხოვრობენ ამ პრინციპებით თავად ამ აზრის მატარებელი ადამიანები. დღესაც, ზოგი მართლმადიდებელი იერარქი ქადაგებს სიყვარულზე, სათნოებაზე, მიტევებაზე და არაფერი არ აქვს საერთო ამ სათნოებებთან, რადგან მისი ცხოვრება ბოროტებით სავსეა და ირგვლივ მხოლოდ ცარიელი ადამიანები ჰყავს შემოკრებილი. თეოსოფიის ფუძემდებელიც, ე. ბლავატსკაია საბოლოოდ ფულის მითვისებაში ამხილეს, რამაც ამ წრეში არაერთი განხეთხილება შვა. ბევრი მისი ყოფილი თანამოაზრე დამოუკიდებელ გზას დაადგა.
,,მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის’’, მოიცავს სქოლიოებს, რაც წიგნის აკადემიურობაზე მიუთითებს. იმედია მომავალში კვლავ საინტერესო წიგნებს ვიხილავთ ,,ავგაროზისგან’’.
თეიმურაზ თათარიშვილი
2026 წელი